ზვიად დევდარიანის საქმე

CIDA-ს თანამშრომლები: ორგანიზაციაში სექსუალური შევიწროების ფაქტი არასდროს მომხდარა

CIDA

ორგანიზაცია CIDA-ს თანამშრომლები ხელმძღვანელის, ზვიად დევდარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს განცხადებით ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ გამორიცხულია, ორგანიზაციის რომელიმე თანამშრომელმა, მათ შორის აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობა თანამშრომლის აყვანის ეტაპზე არამართლზომიერად გამოიყენოს. 

თანამშრომლები მიუთითებენ, რომ გმობენ ყოველგვარ, მათ შორის სექსუალური ხასიათის შევიწროებას და სჯერათ, რომ ყველა ქალს უნდა ჰქონდეს საშუალება აიმაღლოს ხმა, დაიცვას საკუთარი და სხვისი უფლებები და ხელი შეუწყოს მსგავსი ფაქტების გამოვლენას და აღმოფხვრას.

მათი თქმით, ორგანიზაციაში არსებობს სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის გაწერილი პოლიტიკა და საჩივრის მექანიზმი, რომლის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ თანამშრომელს.

"ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლების მხრიდან არ დაფიქსირებულა შევიწროების არც ერთი ქეისი. ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება თანამშრომლების შევიწროებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში, არის სიცრუე.

აქვე, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ „ქალთა მოძრაობის“ მხრიდან ზვიად დევდარიანის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი წერილის გავრცელება საეჭვოდ ემთხვევა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მის წარდგენას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატად, რაც მიზნად ისახავს საბჭოში სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო საზოგადოების და სახალხო დამცველის მხარდაჭერის მქონე, დამოუკიდებელი, ობიექტური, მიუკერძოებელი და გამოცდილი წევრის არჩევის გართულებას.

• ჩვენი აზრით, გავრცელებული განცხადებით ჩრდილი ადგება, არა მარტო ზვიად დევდარიანის პროფესიულ საქმიანობას, არამედ „სიდას“ და მისი თანამშრომლების ღირსებას და რეპუტაციას. არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ საქმიანობის ქვაკუთხედს უკვე 16 წელია ადამიანის უფლებების დაცვა და სხვადასხვა ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების უზრუნველყოფის ხელშეწყობა წარმოადგენს ეროვნულ და რეგიონულ დონეზე. ჩვენი ორგანიზაცია მაღალი პროფესიული სტანდარტითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგის ქვეშ ოპერირებს. ზვიად დევდარიანი კი არის „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც არჩეულია ორგანიზაციის გამგეობის მიერ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს CIDA-ს 27 მოქმედი და ყოფილი თანამშრომელი აწერს. 

ქალთა მოძრაობამ ზვიად დევდარიანი 10-მდე ქალის შევიწროებაში დღეს დილით დაადანაშაულა. მოგვიანებით მათ დევდარიანმა უპასუხა და თქვა, რომ ეს მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. 

დევდარიანი სახალხო დამცველმა გუშინ, 16 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა, დღეს კი მისი კანდიდატურის მოხსნა მიზანშეწონილად მიიჩნია

კომენტარები