სირია

ერდოღანი: აფრინში თურქეთის დროშა ფრიალებს

Reuters

კვირას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქმა სამხედროებმა, სირიელ ამბოხებულებთან ერთად ქალაქი აფრინი აიღეს. მათ ქალაქიდან ქურთული სახალხო დაცვის შენაერთების მებრძოლები გააძევეს.

ერდოღანის თქმით ქალაქში თურქეთის დროშა აღმართეს და იქ ამჟამად ტერიტორიის განაღმვის სამუშაოები მიმდინარეობს.

"ტერორისტების უმეტესობა უკვე გაიქცა. ჩვენი სპეცრაზმი და სირიის თავისუფალი არმია ტერიტორიას დარჩენილი ტერორისტებისა და ნაღმებისაგან წმენდენ. აფრინის ცენტრში ტერორისტული ორგანიზაციის ჩვრის ნაცვლად მშვიდობისა და უსაფრთხოების სიმბოლო ფრიალებს. ახლა იქ თურქეთის და სირიის თავისუფალი არმიის დროშებია აღმართული."

დღეს დილით თურქულ საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელდა ცნობა იმის თაობაზე, რომ ერთ-ერთ შენობაში მომხდარი აფეთქების შედეგად 7 მშვიდობიანი მოქალაქე და სირიის თავისუფალი არმიის 4 მებრძოლი დაიღუპა.

ქურთული სახალხო დაცვის შენაერთების სპიკერის თქმით ისინი ბრძოლას გააგრძელებენ მანამ, სანამ აფრინში არცერთი თურქი ჯარისკაცი აღარ დარჩება. ქურთმა მებრძოლებმა თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება ასადის ძალებსაც სთხოვეს. მათი თქმით ქალაქი 150,000-მდე ადამიანმა დატოვა. ქურთულმა ძალებმა სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიხიეს.

შეგახსენებთ, რომ თურქული სამხედრო ოპერაცია "ზეთისხილის რტო" 20 იანვარს დაიწყო და ქალაქ აფრინიდან ქურთი სამხედროების განდევნას ისახავს მიზნად. თურქეთი ქურთულ სახალხო დაცვის შენაერთებს ქურთისტანის მუშათა პარტიის ფრთად და შესაბამისად ტერორისტულ დაჯგუფებად განიხილავს. თურქეთის განცხადებით მათ ოპერაციას სირიელი ამბოხებულებიც უჭერენ მხარს.

კომენტარები