NGO-ები: მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს

არასამთავრობო ორგანიზაციები

8 არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA)
აღმასრულებელი დირექტრის, ზვიად დევდარიანის, მიერ განხორციელებულ სავარაუდო
სექსუალური შევიწროების ფაქტეებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. “კოალიცია თანასწორობისთვის’’ მოითხოვს სექსუალური შევიწროების ფაქტებზე სათანადო რეაგირებას და ქალებს სამართლებრივი საშუალებების გამოყენებისკენ მოუწოდებს. 

"კოალიციას მიაჩნია, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტების გამოაშკარავება და მათზე სამართლებრივი რეაგირება მნიშვნელოვანია ქალთა დისკრიმინაციის ამ ერთერთ ყველაზე გავრცელებულ და დაფარულ ფორმასთან საბრძოლველად. კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ მოპოვებული და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს შევიწროების არა ერთეულ, განცალკევებულ ფაქტებს, არამედ სხვადასხვა ქალის მიმართ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ინტენსივობით განხორციელებულ სავარუდო შევიწროებასა და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ქმედებები როგორც წესი, ხორციელდებოდა სოციალური ქსელით ან/და პირად რეალურ სივრცეებში, ასევე სამსახურებრივი მდგომარეობისა და ძალაუფლების გამოყენებით (მათ შორის, თანამშრომლის მიმართ). ზოგიერთ
შემთვევაში მსხვერპლები უთითებენ არასასურველი ინტიმური და ფიზიკური შეხების
ფაქტებს. მთლიანობაში მსგავსმა მოპყრობამ მსხვერპლს ქალებს სექსუალური ხასიათის შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი გარემო შეუქმნა და ზოგიერთ მათგანში
ტანჯვისა და დაუცველობის შეგრძნება გააჩინა. სამუშაო ადგილას ქალთა სექსუალური შევიწროება განსაკუთრებით პრობლემურია, ვინაიდან ქალები, არსებული გენდერული და სამსახურებრივი იერარქიების გამო, ორმაგი ზეწოლის ქვეშ შეიძლება მოექცნენ.
ვინაიდან სექსუალური შევიწროების ჩამდენთათვის კანონმდებლობა სანქციას არ ითვალისწინებს, შევიწროებაზე საუბარი მსხვერპლებისთვის უკავშირდება სტიგმასა და ხშირ შემთხვევაში ხდება თავად მსხვერპლების დადანაშაულება, ამგვარი ქმედებები სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩება და ქალები ამჯობინებენ არ ისაუბრონ შევიწროების ფაქტებზე. სექსუალური შევიწროების ფაქტის შეფასება უმეტესწილად ხდება მამაკაცის აღქმისა
და სტანდარტების ტესტის გათვალისწინებით. შედეგად იგი ხშირ შემთხვევაში მიიჩნევა ქალთა და მამაკაცთა ურთიერთობის მისაღებ ფორმად, რაც ახდენს ქალის მიერ განცდილი ფსიქოლოგიური ზიანის გაუფასურებას. აღნიშნული მიდგომის გამყარება სახელმწიფოს კანონმდებლობითა და პრაქტიკით წარმოადგენს ქალის დისკრიმინაციის ფორმას."- წერია განცხადებაში.

კოალიცია მიმართავს სახალხო დამცველს, მსხვერპლთა კონფიდენციალობის დაცვით შეისწავლოს სავარაუდო სექსუალური შევიწროების ყველა შემთხვევა ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის ფარგლებში. სამოქალაქო სექტორი ასევე მიმარტავს პარლამენტს, რომ სექსუალური შევიწროება კანონმდებლობით აღიაროს დისკრიმინაციის ფორმად.

"ამასთანავე ვეხმაურებით ისტორიების გასაჯაროების შედეგად სავარაუდო მოძალადის
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესაძლო დარღვევის საკითხს. აღვნიშნავთ, რომ
გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის თანახმად, გენდერული
ძალადობის შემთხვევაში, სავარაუდო მოძალადის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის
და სხვა უფლებების დაცვის ინტერესი ვერ გადაწონის ქალის ფიზიკური და
ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის უფლებას. არსებითია, რომ ქალთა მიმართ
ძალადობის სენსიტიურ შემთხვევებზე საუბრის დროს ყველა ზომა იქნეს მიღებული,
რათა არ მოხდეს მსხვერპლ ქალთა ხელახალი ვიქტიმიზაცია სავარაუდო მოძალადეს
უფლებების დაცვის კონტექსტში. კოალიცია მიმართავს სახალხო დამცველს მსხვერპლთა კონფიდენციალობის დაცვით შეისწავლოს სავარაუდო სექსუალური შევიწროების ყველა შემთხვევა ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის ფარგლებში. კოალიცია კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს პარლამენტს, რათა ევროკავშირის დირექტივებისა და ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის თანახმად (სტამბოლის კონვენცია), სექსუალური შევიწროება კანონმდებლობით აღიაროს დისკრიმინაციის ფორმად, რაც შექმნის სასამართლოსთვის მიმართვის მკაფიო შესაძლებლობას. კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები მზად არიან სამართლებრივი დახმარება გაუწიონ ყველა ქალს, რომელმაც სექსუალური შევიწროება განიცადა." - წერია განცხადებაში. 

კოალიცია თანასწორობისთვის რვა არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის წევრები არიან: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), “კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, კავშირი „საფარი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)” და „იდენტობა“. 

ქალთა მოძრაობა ზვიად დევდარიანს 10-მდე ქალის შევიწროებაში ადანაშაულებს. მოგვიანებით მათ დევდარიანმა უპასუხა და თქვა, რომ ეს მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. დევდარიანს შევიწროებაში ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

ზვიად დევდარიანი სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახალა, თუმცა გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა.

კომენტარები