ბაქრაძე რეზოლუციაზე: ეს იქნება ქართული სახელმწიფოს ერთიანი პასუხი ტატუნაშვილზე

ტაბულა

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ერთიან რეზოლუციას, რომელზეც უმრავლესობა და უმცირესობა შეთანხმდნენ პარლმანტში კენჭს კვირის ბოლოს უყრიან. როგორც ცნობილია, ქართულმა ოცნებამ ევროპული საქართველოს მოთხოვნა გაითვალისწინა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნას დათანხმდა. ევროპული საქართველოს წევრის დავით ბაქრაძის თქმით, ერთიანი რეზოლუციის ტექსტში შეჯერებულია და და საბოლოო ფორმულირებაზე მიდის კონსულტაციები. 

,,რეზოლუციის ტექსტი პრაქტიკულად შეჯერებულია, თუმცა მიმდინარეობს კონსულტაციები საბოლოო ფორმულირებაზე. პრინცუპილი საკითხები შეთანხმებულია. მათ შორის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ დოკუმენტში სრულფასოვნად ასახულიყო ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის და სანქციების საკითხი. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი სრულფასოვნად არის ასახული დოკუმენტის სათაურიდან დაწყებული, ტექსტით გაგრძელებული. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ტექსტის საბოლოო კორექტირებებზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება ერთიანი დოკუმენტი, ქართული პარლამენტის და სახელმწიფოს ერთიანი პასუხი იმ უმძიმეს დანაშაულზე, რომელიც იყო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა. ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც არა მხოლოდ მისცემს პოლიტიკურ შეფასებას, რომ რუსეთს, როგორც ოკუპანტს ეკისრება სრული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, არამედ რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დააწესებს კონკრეტულ მექანიზმებს იმისთვის, რომ ასეთი ტიპის დარღვევები აღარ მოხდეს და ყველა ვინც დამნაშავეა ქართველების გატაცებაში, წამებაში და მკვლელობაში ყველას მიმართ გამოყენებული იყოს მაქსიმალური ზომები მთელ მსოფლიოში,’’ - ამბობს დავით ბაქრაძე

აღსანიშნავია, რომ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში ორი რეზოლუცია იყო დარეგისტრირებული. მათ შორის ერთი საპარლამენტო უმრავლესობის, მეორე უმცირესობის. რეზოლუციები წინა სესიაზე უნდა განეხილათ, თუმცა უმრავლესობას და უმცირესობამ გადაწყვიტა, რომ საერთო რეზოლუციაზე შეთანხმებულიყვნენ და კონსულტაციების გამო განხილვა გადაიდო. უმრავლესობის მიერ დარეგისტრირებული რეზოლუცია არჩილ ტეტუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს, ოჯახისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესვლას მოითხოვს. 

რაც შეეხება უმცირესობის რეზოლუციას, გარდა ამ ფაქტორებისა დამატებით ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიის შექმნას ითვალისწინებს. სია მაგნიტსკის სიის მსგავსი იქნება და მასში მოხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსგავს დანაშაულებს ჩადიან და მათ კონკრეტული სანქციები და შეზღუდვები შეეხებათ. 

2018 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მოქალაქეები - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. დეფაქტო ცხინვალის წარმომადგენლები არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარს ამბობენ. მათი მტკიცებით, საქართველოს მოქალაქე გულის შეტევით გარდაიცვალა და რუსეთი ცხედრის "სიღრმისეულ ექსპერტიზას" ატარებს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება რამდენიმე დღის შემდეგ მოახერხეს. 

კომენტარები