ვლადიმირ პუტინი

პუტინი სკრიპალის საქმეზე: სამხედრო ტიპის ნერვული აგენტით ადგილზევე დაიხოცებოდნენ

patrioty.org.ua/

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პუტინმა ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეზე რუსეთის მისამართით ბრალდებებზე კომენტარი გააკეთა და თქვა რომ რუსეთს ცილს სწამებენ და ეს ბრალდებები აზრს მოკლებულია.

"რაც შეეხება ტრაგედიას, რომელიც ახსენეთ, ამის შესახებ მე მედიიდან გავიგე. პირველი, რამაც თავში გამიელვა იყო ის, რომ ეს სახედრო ტიპის ნერვული აგენტი რომ ყოფილიყო, ეს ხალხი ადგილზევე დაიხოცებოდა."

"მეორე, რუსეთს არ აქვს ასეთი ტიპის აგენტები. ჩვენ მთელი ჩვენი ქიმიური იარაღი გავანადგურეთ საერთაშორისო ორგანიზაციების მეთვალყურეობით. და ჩვენ ეს პირველებმა გავაკეთეთ, ჩვენი პარტნიორებისაგან განსხვავებით, რომლებმაც პირობა დადეს, თუმცა არ შეასრულეს."

"ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, ჩვენ ეს თავიდანვე ვთქვით, ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ გამოძიებაში, მაგრამ ამისათვის მეორე მხრიდანაც უნდა არსებობოდეს სურვილი, რასაც ჯერ ვერ ვხედავთ. თუმცა ამას დღის წესრიგიდან არ ვხსნით."

"მთლიანობაში, ნებისმიერი ჭკუათმყოფელი მიხვდება, რომ ეს იქნებოდა სრული უაზრობა, ბოდვა, რუსეთს რომ არჩევნების წინ მსგავსი ქმედება განეხორციელებინა." უთხრა მან ჟურნალისტებს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით რუსეთის მხრიდან ბრალდების უარყობა ნელ-ნელა უფრო აბსურდული ხდება.

"ეს კლასიკური რუსული სტრატეგიაა. ისინი ვეღარავის მოატყუებენ." თქვა მან.

ჯონსონმა რუსეთი ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოსაწამლად მომაკვდინებელი ნერვული აგენტის გამოყენებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ რუსეთი მსგავსი იარაღის მარაგებს ქმნის.

"ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ უკანასკნელი 10 წლის მანძილზე რუსეთი არა მხოლოდ იკვლევდა მკვლელობებისათვის ნერვული აგენტის გამოყენების გზებს, არამედ ქმნიდა "ნოვიჩოკის" მარაგს." უთხრა ჯონსონმა BBC-ს.

ბორის ჯონსონის თქმით ბრიტანეთში გამოყენებული ნივთიერების ნიმუშს საერთაშორისო ორგანიზაციები შეისწავლიან და დასკვნა 2 კვირაში იქნება ცნობილი.

მისივე თქმით მიმდინარე კვირის მანძილზე ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიკრიბება და რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ზომებს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი კვლავ კომაში არიან. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ მათ მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა და საპასუხოდ ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. დიპლომატების გაძევებით უპასუხა ბრიტანეთის ნაბიჯს რუსეთმაც. ოფიციალური მოსკოვი მოწამვლასთან კავშირს კვლავ უარყოფს. იმ შემთხვევაში, თუ ჯონსონის ბრალდება ქიმიური იარაღის მარაგების შესახებ დადასტურდება, ეს რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის დარღვევა იქნება.

კომენტარები