ზვიად დევდარიანის საქმე

4 NGO: სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებთ სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს

0 კომენტარი
არასამთავრობო ორგანიზაციები

კიდევ 4 არასამთავრობო ორგანიზაცია ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ყველა იმ ქალს, რომელიც სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი გახდა, საკუთარი უფლებების დასაცავად უფასო იურიდიულ დახმარებას და სამართლებრივ მხარდაჭერას სთავაზობს, მათ შორის აღნიშნული საქმის წარმოების პროცესში. 

"ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვხატავთ უკიდურეს წუხილსა და შეშფოთებას იმ ფაქტების გამო, რომლებიც ჩვენთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ჩვენი კოლეგის, ზვიად დევდარიანის წარდგენის შემდეგ გახდა ცნობილი და მის მიერ, ქალების სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევებს ეხება. პირველ რიგში სრულ სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებთ იმ ქალებს, რომლებიც თავს სექსუალური ძალადობის ან შევიწროების მსხვერპლად მიიჩნევენ,"- წერია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი შეფასების საგანს არ წარმოადგენს ისტორიების ის ნაწილი, რომელიც საკუთარი შინაარსით ადამიანის პირადი ცხოვრებით დაცულ სფეროს ფარგლებში ექცევა და ქცევის ზნეობრიობისა და მორალურობის შეფასების კატეგორიას განუკუთვნება. მათი თქმით, მათ სწამთ, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, თავად გადაწყვიტოს რა არის მისთვის მორალურად მისაღები და რა - არა. 

"თუმცა როდესაც ადამიანის ქცევა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ უპატივცემულობაში გამოიხატება, ბუნებრივია, ის ყოველთვის მოექცევა ჩვენი მკაცრი კრიტიკის ქვეშ. ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს ორმაგ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ის ფაქტი, რომ თავად ჩვენს შორის ვერ მოვახერხეთ მსგავსი მოვლენების პრევენცია. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ბოლო მოვლენები, ჩვენი საზოგადოებისთვის ძლიერ ბიძგად იქცეს ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლაში და აღნიშნულ თემაზე დუმილის დასაძლევად მნიშვნელოვანი გარდატეხის მომტანი აღმოჩნდეს, რადგან  სამწუხაროდ პრობლემა გაცილებით მასშტაბურია. მხოლოდ სპეციალური კანონმდებლობის სრულყოფა ვერ უზრუნველყოფს ამ მიზნის მიღწევას და აუცილებელია პრევენციული და საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერა, რომლის განხორციელებაშიც მნიშვნელოვანი როლი სწორედ სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ქონდეს.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ იმ მძიმე სამართლებრივი და სხვა სახის შედეგების გათვალისწინებით, რაც სექსუალური ძალადობის ბრალდებას შეიძლება მოყვეს, მხოლოდ ყოველი ამგვარი შემთხვევის დეტალური შესწავლა იძლევა როგორც სავარაუდო მსხვერპლების სათანადო დაცვის, ასევე სხვა საფრთხეების თავიდან აცილების საშუალებას,"- წერია გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო (TI)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

ზვიად დევდარიანის მიერ ქალების მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტებზე დღეს განცხადება კიდევ 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ გააკეთა, რომლის შინაარსსაც შეგიძლიათ, მითითებულ ლინკზე გაეცნოთ

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ერთერთი ბოლო იყო იმ მსხვილ ორგანიზაციებს შორის, რომლებმაც დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს. 

ტაბულა 2 დღის მანძილზე ცდილობდა დაკავშირებოდა TI-ის ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს, რომელიც ჩვენს ზარებს არ პასუხობდა. ამასთან, მივწერეთ მოკლე ტექსტური შეტყობინებებიც, რომ აგვეხსნა, საიდან და რატომ ვურეკავდით. პასუხის ვერმიღების შემდეგ, დავუკავშირდით ეკა გიგაურის პრესსამსახურსაც, რომელმაც ასევე არ უპასუხა ჩვენს სატელეფონო ზარებს. 

ტაბულა, ასევე, დაუკავშირდა ეკა გიგაურის მოადგილეს, გიორგი ონიანს, რომელმაც ჩვენი მედიის სახელის გაგონებისთანავე, გვითხრა, რომ შეხვედრაზეა და არ სცალია, თუმცა მისთვის იმის კითხვის დასმის საშუალება, თუ რამდენ ხანში მოიცლის მედიასთან სალაპარაკოდ, არ მოგვეცა, რადგან ყურმილი გაგვითიშა. ონიანმა არც შემდგომ სატელეფონო ზარებს უპასუხა. 

თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ონიანი ამ დროის მანძილზე Facebook-ზე აქტიური იყო, მათ შორის, გააზიარა ერთერთი მომხმარებლის მიერ დაწერილი მოდელირებული პოსტი, რომლის მიზანიც ტაბულას მიერ დაწერილი სტატიის დისკრედიტაციას წარმოადგენდა. პოსტის ავტორი წერდა, თითქოს ტაბულას დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ის წლების წინ გასაუბრებაზე დაიბარა, სადაც მას სამსახურის სანაცვლოდ, სექსუალურ ურთიერთობას სთავაზობდა. P.S.-ში ავტორი წერდა, რომ ეს ისტორია თავიდან ბოლომდე მოგონილი იყო, უბრალოდ, ცდილობდა ჩრდილი მიეყენებინა იმ ისტორიებისთვის, რომლებიც ზვიად დევდარიანის მიერ სექსუალური შევიწროვების შემთხვევებზე ტაბულას ესაუბრნენ. პოსტი ისეთმა პრორუსულმა ორგანიზაციებმა აიტაცეს, როგორიცაა მარშალპრესი. 

საგულისხმოა, რომ მოდელირებული პოსტის მთავარი სამიზნე ჩერგოლეიშვილი გახდა, რადგან ტაბულა იყო პირველი, რომელმაც ქალებს მისცა ფორუმი, რათა ემხილათ დევდარიანი. 

ეს ონიანის მიერ ამ საკითხზე გამოხმაურების ერთადერთი შემთხვევა არ არის. ტაბულაზე სექსუალური შევიწროვების ისტორიების გამოქვეყნებიდან ცოტა ხანში გიორგი ონიანმა Facebook-ზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

"ყველა ტყუილად დამბრალებლის დედა მოვ**ან, განსაკუთრებით მორალისტობის საფარქვეშ".

ქალთა მოძრაობა ზვიად დევდარიანს 10-მდე ქალის შევიწროებაში ადანაშაულებს. მოგვიანებით, მათ დევდარიანმა უპასუხა და თქვა, რომ ეს მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. ტაბულასთან საუბრისას დევდარიანს შევიწროებაში 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს. 

ზვიად დევდარიანი სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახალა, თუმცა გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა.

წაიკითხეთ ტაბულას სტატია: სექსის თხოვნა დასაქმებისთვის, შევიწროება სამსახურში - რას ყვებიან ქალები ზვიად დევდარიანზე

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები