ე.წ. ქართული მარში

საია: ქართული მარშის ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

საია
gyla.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, რუსთავი 2-ის შენობასთან ე.წ. ქართული მარშის მიერ გამართული აქციის მონაწილეთა ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულების შემდეგ ნიშნებს შეიცავს:

  • იძულება - საია ამბობს, რომ აქციის მონაწილეები აიძულებდნენ ჟურნალისტს შეესრულებინა კონკრეტული ქმედება - მოეხადა ბოდიში გასული სიუჟეტის გამო, რაც მის უფლებას წარმოადგენს.
  • თავისუფლების უკანონო აღკვეთა - გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, რუსთავი 2-ის წამყვანსა და იურისტს ნახევარი საათის განმავლობაში მათი ნების საწინააღმდეგოდ შეზღუდული ჰქონდათ გადაადგილების შესაძლებლობა.
  • ძალადობა - აქციის მონაწილეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ტელეკომპანიის ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
  • ნივთის დაზიანება - საია-ს შეფასებით აქციის მონაწილეთა მხრიდან ავტომობილზე განხორციელებული ზემოქმედების შედეგად შესაძლოა გამოიკვეთოს აღნიშნული დანაშაულის ნიშნებიც.
  • ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა - საია აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია გამოძიებამ დაადგინოს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობა მიზნად ისახავდა თუ არა მათთვის ინფორმაციის გავცელებაში ხელის შეშლას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს ყველა პირს, თავისი უფლებების დასაცავად რეაგირება მოახდინოს სამართლებრივი და არაძალადობრივი გზით. ასევე, მოუწოდებს შესაბამის უწყებებს დროულად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

შეგახსენებთ, რომ  დღეს, რუსთავი 2-ის შენობასთან ე.წ. ქართული მარშის წევრებმა აქცია გამართეს და რუსთავი 2-ის ჟურნალისტსა და იურისტს ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ გიორგი გაბუნიამ მათ რელიგიურ გრძნობებს შეუარცხყოფა მიაყენა და ამიტომ ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები აგრეთვე თავს დაესხნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტებს.

 

კომენტარები