რუსეთ-საქართველო

სახელმწიფო ინფანტილიზმი რუსეთთან ურთიერთობაში

საქართველოს პრემიერმინისტრის საჯარო “მიმოწერა” მოსკოვთან და მის მიერ დეკლარირებული “კონსტრუქციული” მიდგომა, რამაც საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, “ქართული ოცნების” მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს დეკლარირებული პოლიტიკის ზედმიწევნით გაგრძელებას წარმოადგენს.

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთს საჯარო წერილით 9 მარტს მიმართა, იმასთან დაკავშირებით, რომ 22 თებერვალს ცხინვალის რეგიონში საეჭვო ვითარებაში დაღუპული საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას ცხინვალის რეჟიმი აჭიანურებდა.

პრემიერმა თავის წერილში “კონსტრუქციული დალოგისთვის” მზადყოფნა გამოთქვა, ასევე განაცხადა, რომ თბილისი მზადაა, მიაღწიოს რეალურ პროგრესს ჟენევს დისკუსიების პროცესში და “მზად ვართ ასევე, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა”.

კვირიკაშვილს პასუხი სამ დღეში რუსეთის საგარეო უწყების პრესის დეპარტამენტმა გასცა - ოფიციალურმა მოსკოვმა საქართველოს პრემიერს გზავნილის ტონი მოუწონა, იმედი გამოთქვა, რომ თბილისი ამიერიდან ჟენევის დისკუსიებზე უფრო კონსტრუქციული იქნება და მიესალმა მზადყოფნას “აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგისთვის”. ტატუნაშვილის გარდაცვალების “სამწუხარო ინციდენტთან” დაკავშირებული საკითხების გასარკვევად საქართველო სწორედ ცხინვალთან გადაამისამართეს.

საინტერესოა, რომ ტატუნაშვილი სამხრეთ ოსეთის ე. წ. “უშიშროების კომიტეტის” მიერ დაკავების შემდეგ დაიღუპა. ამ უწყებას კი, რუსეთის ФСБ-ს “გადამდგარი” ოფიცერი მიხაილ შაბანოვი ხელმძღვანელობს. შესაბამისად, “უშიშროების კომიტეტი” ფაქტობრივად რუსულ უშიშროების ფედერალურ სამსახურს ექვემდებარება.

რუსეთის პასუხი თავდაპირველად თავად კვირიკაშვილის თანაპარტიელებმაც გააკრიტიკეს. ეს მანამ, სანამ გიორგი კვირიკაშვილმა ის საჯაროდ დადებითად არ შეაფასა და არ განაცხადა, რომ რუსული პასუხი “ტოვებს სივრცეს საუბრისთვის”. ამის შემდეგ “ქართული ოცნება” რუსული პასუხის შეფასებაშიც ერთიანი გახდა.

მმართველი პარტიის პოზიციაზე ვერ მოახდინა გავლენა ვერც კრიტიკამ ოპოზიციის მხრიდან და ვერც გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების გაფრთხილებამ რუსეთისადმი ამგვარი მიდგომის დაუშვებლობის შესახებ.

გამონაკლისი გახდა “ოცნების” ფრაქციის თანხმობა ტატუნაშვილის საკითხზე რეზოლუციის “ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებულ პროექტზე. პროექტი “ოთხოზორია-ტატუნაშვილის” სიის შექმნას ითვალისწინებდა, რომელშიც ამ დანაშაულებთან დაკავშირებული პირები შევიდოდნენ. როგორც ჩანს, ამგვარი გადაწყვეტილების წინააღმდეგ უბრალოდ არგუმენტების მოძიება გაუჭირდათ.

საერთო ჯამში, მთავრობის პოლიტიკა ამ საკითხში - რბილი რიტორიკა რუსეთის მიმართ, მზდაყოფნა “აფხაზ და ოს ძმებთან” პირდაპირი დიალოგისთვის და დათმობების ფასად მოსკოვთან ურთიერთობის “დალაგების” დაჟინებული სურვილი - “ქართული ოცნების” და მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე იყო დეკლარირებული.

ჯერ კიდევ 2011 წლის ნომბერში ერთერთ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ხელისუფლებამ „სერიოზული სტრატეგიული შეცდომა დაუშვა”, რადგან აფხაზურ და ოსურ მხარეებს კონფლიქტის მხარეებად არ აღიარებს. ივანიშვილი იმასაც ამტკიცებდა, თითქოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის “მხარეებად აღიარების” მოთხოვნა ტალიავინის კომისიის რეკომენდაციაა, რაც არასწორია.

ერთერთი მთავარი საკითხი ოცნების წინასარჩევნო რიტორიკაში იყო 2008 წლის ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობის მთლიანად წინა ხელისუფლებისთვის დაკისრება. ასევე წინამორბედი ხელისუფლების დადანაშაულება, რომ საკუთარი “უგუნურობის” გამო ქვეყანას რუსული ბაზარი დააკარგვინა. “ქართული ოცნება” მაშინ ამომრჩევლებს პირდებოდა როგორც რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას და ამით ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევას, ასევე, რუსეთთან მოლაპარაკებების გზით, კონფლიქტების მოგვარებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. დევნილებთან ერთერთ შეხვედრაზე ივანიშვილმა აფხაზეთში მათთვის ახალი სახლების მშენებლობის დაფინანსების პირობაც დადო.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ოცნება რუსეთთან ურთიერთობის “მოწესრიგებას” შეუდგა. პირველი ნაბიჯი კარასინი-აბაშიძის ახალი ორმხრივი ფორმატის შექმნა გახდა, რომლის ფარგლებში, უკვე არსებული ჟენევის მოლაპარაკებების საერთაშორისო ფორმატის პარალელურად, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ საკითხებზე მოლაპარაკებები დაიწყო, საერთაშორისო შუამავლების გარეშე.

ოცნებამ რუსეთის მიმართ რიტორიკა შეარბილა. “რატომ უნდა დავიწყო პუტინის კრიტიკა, როდესაც სააკაშვილი გვყავს. სადაა ლოგიკა?”, – განაცხადა ივანიშვილმა ერთერთ ინტერვიუში.

ხელისუფლებამ ციხეებიდან რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირები გაათავისუფლა, ასევე სრული თავისუფლება მიანიჭა ქვეყანაში პრორუსულ ორგანიზაციებს და რუსულ პროპაგანდას.

პერიოდულად ბიძინა ივანიშვილი რუსეთს ორაზროვან სიგნალებს უგზავნიდა, რომლებიც იმგვარად ინტერპრეტირების საშუალებას იძლეოდა, თითქოს ახალი მთავრობა მზად იყო საგარეო პოლიტიკური კურსის შესაცვლელად - მაგალითად, მისი განცხადება იმის შესახებ, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკას “სამაგალითოდ” მიიჩნევს, ან რომ საქართველო ევრაზიული კავშირის წინააღმდეგი არ არის და ამას “დააკვირდება”.

ყირიმის ანექსიისა და რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა მაინცდამაინც ხმამაღლა კრემლი არ გაეკრიტიკებინა და მხოლოდ უკრაინელი ხალხისადმი ზოგადი მხარდაჭერის გამოხატვით შემოიფარგლებოდა.

ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ, რომელიც მან BBC-ს 2014 წლის ივნისში მისცა - მან კატეგორიულად უარყო მსგავსება ყირიმის ანექსიასა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას შორის. ასევე თქვა, რომ საქართველო რუსეთთან ურთიერთობებს წარმატებით აგვარებს და მოსკოვსა და ევროკავშირთან ურთიერთობებში “იდეალურ ბალანსს” მიაგნო.

ფაქტობრივად, საუკეთესო მომენტში, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, როდესაც საქართველოს შეეძლო, რუსული ოკუპაციის პრობლემა მსოფლიოს დღის წესრიგში დაებრუნებინა და დასავლეთის მხარდაჭერის კონსოლიდაცია მოეხდინა, “ოცნების” ხელისუფლება პირიქით მოიქცა - გააკეთა ყველაფერი, რათა დასავლეთს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი არ გახსენებოდა და მასში არ ჩარეულიყო.

რუსეთმა 2013 წლიდან ქართულ პროდუქციას თანდათან გაუხსნა საკუთარი ბაზარი და სატრანსპორტო მიმოსვლა აღადგინა. თუმცა, პოლიტიკური მოგვარების კუთხით სიტუაცია არათუ გაუმჯობესდა, არამედ, გაუარესდა. მოსკოვმა ე. წ. ბორდერიზაცია გაააქტიურა - მავთულხლათების მიღმა ახალ-ახალი ტერიტორიები მოაქცია, გააფორმა “ხელშეკრულებები” სოხუმთან და ცხინვალთან მათთან “ინტეგრაციიის” მიზნით, რაც ამ ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები გახდა. ივანიშვილი ამით გაკვირვებული ჩანდა - მავთულხართების გავლების პროცესს მან ჯერ “რაღაც გაუგებრობა” უწოდა, შემდეგ კი აღიარა, რომ ეს “მის ანალიზში არ შედიოდა”.

როგორც ჩანს, მოქმედი ხელისუფლების “ანალიზში არ შედიოდა” არც საქართველოს მოქალაქის სავარაუდო მკვლელობა ცხინვალის რეჟიმის მიერ, რადგან ამ მორიგ სერიოზულ გამოწვევაზე სხვა პასუხი, გარდა ისევ და ისევ რუსეთისადმი მიმართვისა და “ურთიერთობის დალაგების” მორიგი შეთავაზებისა, ვერ მოიფიქრა. თუმცა, ბოლო 5 წლის განმავლობაში წესით უნდა დარწმუნებულიყო, რომ ასეთი მიდგომა არ მუშაობს.

ამ წლების განმავლობაში ხელისუფლება NATO-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ერთგულებას დეკლარირებდა, თუმცა, რუსეთისადმი რაც შეიძლება რბილი რიტირიკის პრინციპი მუდიმივად ძალაში რჩებოდა.

ბოლო წლებში რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის დრამატული ზრდის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების მიდგომა მოსკოვის მიმართ არ შეცვლილა. ამას საქართველოს საგარეო უწყებისგან ბოლო განცხადებაც მოწმობს დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი აგენტის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით - უწყებამ მხადაჭერა ბრიტანეთს ისე გამოუცხადა, რომ რუსეთი საერთოდ არ უხსენებია.

ხოლო განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები არის რაღაც იდუმალი ძალების პროვოკაციები, რომელთა მიზანი რუსეთთან და “აფხაზ და ოს ძმებთან” ურთიერთობის მოწესრიგების არარსებული პროცესის ჩაშლაა, მხოლოდ უსუსურობის და ინფანტილიზმის შთაბეჭდილებას ტოვებს.

საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რუს ექსპერტებსა და პოლიტიკურ კლასში გაჩნდა აზრი, რომ რუსეთთან შერიგება საქართველოს უფრო სჭირდება, ვიდრე რუსეთს - შესაბამისად, თბილისმა თავად უნდა იაქტიუროს და მოსკოვს მისაღები პირობები შესთავაზოს. საქართველოს მთავრობამ ამ რწმენის კიდევ უფრო გასამყარებლად ყველაფერი გააკეთა. კვირიკაშვილის ბოლო განცხადებების პათოსიც სწორედ ამ შაბლონში ჯდება.

მოსკოვი, სავარაუდოდ, შეეცდება საქართველოს პრემიერის მზადყოფნა გამოიყენოს საქართველოში საკუთარი მიზნების მისაღწევად. რუსეთის დეკლარირებულ მიზნებს შორის არის ძალის არგამოეყენების შეთანხმების ხელმოწერა თბილისის მიერ სოხუმსა და ცხინვალთან (რაც მათი დამოუკიდებელი სტატუსის ფაქტობრივი აღიარება იქნებოდა) და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება ან შერბილება (ამ უკანასკნელზე ხელისუფლება დიდი ხანია თანახმაა). თუმცა, სამაგიეროდ საუბარი არ არის რაიმე დათმობაზე - თუნდაც მცირეოდენზე, როგორიც გარდაცვლილის ცხედრის დროულად გადმოცემა იქნებოდა. რუსეთის საგარეო უწყების გაცხადებაც ამას მოწმობს.

ტატუნაშვილის საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შემრიგებლური რიტორიკა და დათმობები საქართველოს მხრიდან კრემლისთვის მხოლოდ სტიმულია შემდგომი ზეწოლისთვის.

კომენტარები