ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

ცოლზე ძალადობაში ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

www.geo.tv

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 ნოემბერს განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ი.კ.-მ მეუღლეს გ.ა.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2017 წლის 24 ივნისს ურთიერთშელაპარაკებისას, ი.კ.-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკური ძალადობა განახორციელა, ხოლო 2017 წლის ივლისიდან - 2017 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით ი.კ. სისტემატურად, ხშირ შემთხვევაში სხვა პირთა თანდასწრებით გ.ა.-ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა. ი.კ.-ს ქმედებით დაზარალებული ტანჯვას განიცდიდა", - აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 2017 წლის 23 ნოემბერს, თბილისში დააკავეს. მას ბრალი რამდენიმე მუხლით წარედგინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით (სისხლის სამართლის კოდექსის 126¹-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი), სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია (სისხლის სამართლის კოდექსის 11¹,126-ე მუხლის 1² ნაწილი) და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა (126¹-ე მუხლის პირველი ნაწილი).

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები