არჩილ ტატუნაშვილის საქმე

ოკუპირებული ცხინვალი ადასტურებს, რომ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს დღეს გადასცემენ

ამერიკის ხმა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ მთავრობის საინფორმაციო სააგენტო ადასტურებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს დღეს გადმოსცემენ. ცხედართან ერთად საქართველოს გადმოეცემა ექსპერტიზის შედეგების პასუხი, რომელიც ტატუნაშვილს რუსეთში ჩაუტარდა. 

ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს წითელი ჯვრის მისიით გადმოეცემა. 

ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს.

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულების შემდეგ, რამდენიმე დღე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ. 

კომენტარები