დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

ომბუდსმენი: მეტი ძალისხმევა უნდა მივმართოთ დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების დაცვაზე

სახალხო დამცველის აპარატი

"საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეების მიერ ადამიანის უფლებებით სარგებლობის კუთხით გადადგმული გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ რჩება წინაღობები" - სახალხო დამცველი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დრესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი მოუწოდებს სახელმწიფოს მეტი ძალისხმევა მიმართოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვისკენ.

"საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეების მიერ ადამიანის უფლებებით სარგებლობის კუთხით გადადგმული გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ რჩება წინაღობები, რომელთა აღმოფხვრის მიზნით მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ამ პირთა საჭიროებების გამოვლენა და ზრუნვა მათ მოგვარებაზე. უზრუნველყოფილი უნდა იქნას სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მისაწვდომობა, ხარისხიანი განათლების მიღება, დასაქმების თანაბარი შესაძლებლობა და დამოუკიდებლად ცხოვრების ხელშეწყობა. არსებული გამოწვევების დაძლევისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რაც უნდა მოიცავდეს დაუნის სინდრომის მქონე პირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას და გაძლიერებას, მათთვის აუცილებელი პროგრამებისა და სერვისების დაგეგმვას და განხორციელებას. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს მეტი ძალისხმევა მიმართოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვისკენ, რათა სხვების თანასწორად იქნას უზრუნველყოფილი მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში." - წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს. 21 მარტი დაუნის სინდრომის დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. 21.03 გარკვეული სიმბოლიკის მატარებელია - დაუნის სინდრომი ვლინდება 21-ე ქრომოსომის გასამებით.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, მათ შორის, საქართველოშიც. წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია - რას ვმატებ საზოგადოებას (What I bring to my community).

კომენტარები