სამშენებლო უსაფრთხოება

სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე სანქციები დღეიდან მკაცრდება

თბილისის მერია

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც, სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, ასევე, უნებართვო მშენებლობასა და პროექტის დარღვევით სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე, სანქციები გამკაცრდა, დღეიდან შევიდა ძალაში. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ ცვლილებებით, მივაღწევთ იმას, რომ მშენებლობებზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. ჯარიმები ფაქტობრივად გაათმაგდა - დარღვევები 3000 ლარიდან 30 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო მეორე შემთხვევაში, უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს ყველაფერი გაკეთდა არა იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი კომპანია დავაჯარიმოთ, არამედ იმისთვის, რომ იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში, სამშენებლო ობიექტებზე გარდაცვლილი ადამიანების რიცხვმა იმატა.

"კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით, რა თქმა უნდა, შევძლებთ იმას, რომ როგორც დამკვეთი, ასევე შემსრულებელი იყოს მოტივირებული, რომ მის ობიექტზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. ამ სფეროში  მომდევნო თვეების განმავლობაში, ძალიან ბევრ საინტერესო ცვლილებას ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მენაშენეთა ასოციაციასთან იქნება გავლილი, ვინაიდან სამშენებლო სექტორი ქალაქის ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.   

კომენტარები