რუსული ოკუპაცია

ოთხოზორიას დედა: მკვლელობის ამსახველი ვიდეო კარგად არ გამოიყენეს

TV პირველი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა საერთაშორისო ასპარეზზე კარგად არ გამოიყენა. ჭანტურიამ TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ ე.წ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღების შემდეგ იმედი გაუჩნდა. 

"თითოეული ადამიანი უნდა ცდილობდეს მასზე დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებას. ჩემი შვილის მკვლელობის დღეს აშკარად ჩანდა, რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო... საკუთარ მიწაზე ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე მომიკლეს შვილი. ამის დადამასტურებელი ვიდეოც იყო. მათ, ვისაც ევალებოდა, ეს კადრები ძალიან მაგრად უნდა გამოეყენებინა ყველა საერთაშორისო ასპარეზზე. იმიტომ კი არა, რომ ის ჩემი შვილი იყო, იმიტომ, რომ ის იყო ქართველი. საქართველოს ხელისუფლება და ვისაც ევალებოდა, უნდა ყოფილიყო მზად იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქე თავს გრძნობდეს დაცულად. დამნაშავისთვის დამნაშავის სახელი უნდა დაერქმიათ, კარგის გამკეთებლისთვის კარგის გამკეთებლის სახელი" - თქვა ჯულიეტა TV პირველის ეთერში, გადაცემაში - "რეაქცია".

გიგა ოთხოზორიას დედა მიიჩნევს, რომ მისი შვილის მკვლელობა პოლიტიკური კინკლაობის თემად იქცა.  

"სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო, ასე არავინ არ უნდა მოიქცეს" - აღნიშნა ჯულიეტამ.  

"ფირი სახეზე იყო, ყველამ თვალნათლივ დაინახა, როგორ მუხანათურად მოკლეს გიგა ოთხოზორია ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია უნდა ჩართულიყო და ყველას ხმამაღლა უნდა ეთქვა, რომ ეს გააკეთა რუსეთმა და არა ერთმა უბრალო მესაზღვრემ, რომელიც იდგა იქ მთვრალი" - თქვა გიგა ოთხოზორიას დედამ.

ჯულიეტა ჭანტურიამ აღნიშნა, რომ მას ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის შესახებ რეზოლუციის მიღებით იმედი გაუჩნდა.

"რომ ახლა მაინც ხელიდან არ გაუშვებს შანსს ხელისუფლება, ვისაც ეს ევალება და ყველაფერს გააკეთებს, რომ მთელი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვით ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე და დაარქვას ოკუპანტს ოკუპანტი. 

ტატუნაშვილამდე და ოთხოზორიამდეც უნდა ყოფილიყო ეს სია, რამდენმა ადამიანმა იცის სხვადასხვა დანაშაულის და მათი ჩამდენების შესახებ, მაგრამ კარგი, რაკი აქამდე ვერ გავაკეთეთ, ახლა ალბათ, ასე მგონია, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვან. თუ არადა, კიდევ იქნება ოთხოზორიები და კიდევ იქნება ტატუნაშვილები" - თქვა ჯულიეტა ჭანტურიამ.

მისივე თქმით, "რომ ვთქვა, რომ არაფერი არ გააკეთეს, ესეც უმადურობა იქნებოდა. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი, შედეგი რა იყო? არაფერი".

გიგა ოთხოზორიას დედის შეფასებით, თავიდანვე, გამოძიება არ შეეცადა ხაზი გაესვა მკვლელობის მიზეზისთვის.

"ეს მიზეზი უნდა გამოკვეთილიყო თავიდანვე. სასამართლო დადგენილებაშიც წერია, რომ შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა მკვლელობა. მაგრამ შელაპარაკება რას მოჰყვა, ეს უნდა ყოფილიყო ხაზგასმული, რომ იქ 23 წლის ბიჭი მივიდა ნასვამ მდგომარეობაში, მან თავისი პასპორტი გადასცა იმათ, აპირებდა გადასვლას, (რა თქმა უნდა, კარგად დაცულ "საზღვარზე" ვერ მოახერხებდა ის ქართული პასპორტით გადასვლას. ამის გამო, მოხდა მისი შეურაცხყოფა, ქართული პასპორტის დაგდება, ზედ ფეხებით შედგომა, დამცირება, ამ მომენტში აღმოჩნდა ჩემი შვილი, რომელიც ამოუდგა ამ ბიჭს მხარში... 14 წელი მიუსაჯეს მკვლელს, მაგრამ რისთვის? მხოლოდ ქაღალდზე, არასრულებადი განაჩენია ეს" - თქვა ჯულიეტა ჭანტურიამ.

გიგა ოთხოზორიას ოჯახი დღეს წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

2018 წლის 23 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ციხეში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი აწამეს და მოკლეს. მისი ცხედარი მხოლოდ 20 მარტს, 26 დღის შემდეგ გადმოსცეს საქართველოს, დაგვიანების მიზეზად კი, რუსეთის მიერ ჩასატარებელი "სიღრმისეული ექსპერტიზა" დაასახელეს.

2 წლით ადრე კი, 2016 წლის 19 მაისს, 30 წლის გიგა ოთხოზორია აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. მას შეიარაღებულ დე ფაქტო მესაზღვრეებთან შელაპარაკება მოუვიდა. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, გიგა ოთხოზორიამ გამშვები პუნქტის ტერიტორია დატოვა და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა. მას ე.წ. აფხაზი მესაზღვრეები დაედევნენ, მათ შორის, რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენჯერმე ესროლა გიგა ოთხოზორიას ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში.

ამის შემდეგ, რაშიდ კანჯი ოღლიმ წაქცეულ გიგა ოთხოზორიას თავის არეში საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. არსებობს აღნიშნული შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრებიც. გიგა ოთხოზორია მიყენებული ჭრილობების შედეგად, ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. რაშიდ კანჯი-ოღლის ქართულმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, საოკუპაციო რეჟიმს კი, არც დაუკავებია.

კომენტარები