ოცნებამ "გირგვლიანის შესწორებები" დაარეგისტრირა - რას ითვალისწინებს კანონპროექტი

ტაბულა

ქართულმა ოცნებამ კანონპროექტი სიმბოლური სახელწოდებით "გირგვლიანის შესწორებები" პარლამენტში დაარეგისტრირა. 

დეპუტატ მამუკა მდინარაძის თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსის 12 მუხლს შეეხება, ასევე კოდექსს 2 ახალი სპეციალური მუხლი დაემატება - ერთი მათგანი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობას, მეორე კი ამ პირების მიერ უკანონო ბრძანების ან დავალების გაცემას შეხება. 

მდინარაძე ამბობს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ასევე ეხება სახელმწფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაში უკანონო ჩარევას გამომძიებლის, ადვოკატის, მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის საქმიანობაში ხელის შეშლის გზით და აგრეთვე ქმედებებს, რომლებიც ითვალისწინებენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენის შესახებ ბრძანების ან დავალების გაცემას. 

პასუხისმგებლობა მკაცრდება იმ პირთა მიმართაც, რომლებიც ასეთ ბრძანებას ან დავალებას შეასრულებენ. 

მდინარაძის თქმით, ამ სახის ცვლილებებით სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ გაცემული დანაშაულებრივი ბრძანების ან დავალების შესრულება შემსრულებელს დამამძიმებელ გარემოებად შეერაცხება

ქართულმა ოცნებამ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის დაწყება 29 იანვარს დააანონსა.

მდინარაძეს დღეს არ დაუკონკრეტებია, შეეხება თუ არა "გირგვლიანის შესწორებები" პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების, შეწყალების შეზღუდვას, თუმცა არ არის გამორიცხული, ასეც მოხდეს. 

2018 წლის 5 იანვარს საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალებისთვის 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამ განაჩენმა არასამთავრობო ორგანიზაციების და მოქმედი პრეზიდენტის კრიტიკა დაიმსახურა. გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას ემსახურება. 

კომენტარები