დაპირისპირება რუსთავი 2-თან

რელიგიათა საბჭო: ვგმობთ რელიგიის ძალადობრივად წარმოჩენას

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს 19 მარტს, რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს წევრებს გვსურს გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება 19 მარტს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე ე.წ. „ქართული მარშის“ თავდასხმის გამო.

საქართველოში, უკვე მრავალი წელია, „რელიგიური გრძნობების“ ირგვლივ პერიოდულად იწყება კამათი და მსჯელობა, მუშავდება საკანონმდებლო ინიციატივები და, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ფიზიკურ თავდასხმებსაც კი.

წესითა და რიგით, ისეთი მოვლენის, როგორიცაა რელიგიური გრძნობა (თუკი ასეთის არსებობას ვუშვებთ), შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისათვის უნდა იყოს საგანგაშო ამბავი.

ჩვენც, რელიგიების წარმომადგენლები, ვგმობთ საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფენომენის - რელიგიის ძალადობრივად წარმოჩენას, რომელიც თითქოსდა რელიგიის დასაცავად, ადამიანის დაშინებით, დევნითა და შეურაცხყოფით გამოიხატება.

ჩვენთვის, როგორც რელიგიური თემების წარმომადგენლებისათვის, მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლოს ჯანსაღი მიმართულებით განვითარება, რაც ვერ მოხდება ვერც ძალადობისა და დაუსჯელობის სინდრომის პირობებში და ვერც დემოკრატიის უდიდესი მონაპოვრის - სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ფონზე.

იმედს ვიტოვებთ, რომ შესაბამისი უწყებები ამ საქმეს სამართლიანად განსჯიან და საქართველოში კვლავაც გარანტირებული იქნება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
  • ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“
  • სახარების რწმენის ეკლესია (ორმოცდაათიანელები)
  • წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია
  • საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია
  • ქართველ მუსლიმთა კავშირი
  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველო
  • სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია.
  • ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია.
  • სომხური კათოლიკე ეკლესია
  • ეზიდთა სასულიერო საბჭო
  • ევანგელურ ლუთერული ეკლესია
  • საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია "ხსნის არმია"
  • ევანგელური ეკლესია "ურყევი საფუძველი"
  • მეგობართა საზოგადოება "კვაკერები"
  • დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
  • საქართველოს სვედენბორგიანული საზოგადოება

კომენტარები