კრიმინალი

შსს: ესპანეთთან თანამშრომლობით, მადრიდში საქართველოს 4 მოქალაქე დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების თანამშრომლობის შედეგად, მადრიდში დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულები მადრიდსა და მის შემოგარენში სახლებს ქურდავდნენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულების ბინების ჩხრეკისას, დიდი რაოდენობით ნაქურდალი ნივთები, სამკაულები, ძვირფასეულობა და 9 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნულ პოლიციასთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, ქალაქ მადრიდში დაკავებულ იქნა ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი: 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ო.ბ., 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ. ბ., 1990 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1989 წელს დაბადებული ლ. ჯ.. ოთხივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა" - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ და აღნიშნა, რომ საქმის ინიციატორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო.

დაკავებულებს ბრალი წარედგინათ ესპანეთის სამეფოს სისხლის სამართლის კოდექსის 515-ე, 234-ე, 563-ე და 390-ე მუხლებით, რაც კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას, ქურდობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაულები 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროპელ კოლეგებთან. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა სხვა დანაშაულებრივი ჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებით" - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

კომენტარები