აშშ-საქართველო

აშშ არ დააფინანსებს იმ მთავრობებს, რომლებმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აღიარეს

0 კომენტარი

2018 წლის ბიუჯეტის კანონით ამერიკის შეერთებული შტატები კრძალავს იმ მთავრობების დაფინანსებას, რომელმაც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა.

ბიუჯეტის კანონს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი 23 მარტს მოაწერა.

2018 ფისკალური წლის ბიუჯეტში საქართველოს მხარდამჭერი ტექსტს სათაურად „საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთის და ცხივნალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“ ჰქვია და ის რუსეთის აგრესიის ქვეთავის ქვეშ ექცევა.

ტექსტის თანახმად, ბიუჯეტის კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ მან აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.

კანონი მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, დროულად გამოაქვეყნოს ასეთი ქვეყნების სია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე.

დოკუმენტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.

კანონი მოუწოდებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს, შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რომ ხმა ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსების (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით) წინააღმდეგ მისცენ, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

აშშ-ის 2018 ფისკალური წლის ბიუჯეტიდან საქართველო 105,325,000 აშშ დოლარის დაფინანსებას მიიღებს. ეს გასულ წელთან შედარებით 5 მილიონი აშშ დოლარით მეტია და შემდეგი მუხლებით არის გამოყოფილი: ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დახმარება; ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კონტროლის პროგრამები; ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა; სამხედრო განათლება და წვრთნები; საგარეო სამხედრო დაფინასება (FMF).

რუსეთის აგრესიის ქვეთავში აღნიშნულია, რომ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის გამოყოფილი დაფინანსება უნდა მოხმარდეს რუსეთის ზეგავლენისა და აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამოყოფილი დაფინანსების წილი ასევე უნდა მოხმარდეს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებებისა და სავაჭრო შეთანხმებების იმპლემენტაციას, ასევე, საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის შემცირებას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები