ხანძარი სასტუმრო ლეოგრანდში

პროკურატურა: Leogrand-ის საქვაბე ოთახში დასაწყობებული იყო აალებადი ნივთიერებები

Reuters

ხანძარს, რომელმაც 11 პირის სიცოცხლე იმსხვერპლა პროკურატურა სასტუმროს მენეჯმენტის მიერ სახანძრო უსაფრთოების წესების უგულვებელყოფას უკავშირებს. საქმეზე ორი პირი, ყოფილი ტექნიკური მენეჯერი თურქეთის მოქალაქე ფ.ი. და ტექნიკური საწყობის პასუხისმგებელი პირი გ.მ. დააკავეს.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ სასტუმროს საქვაბე ოთახში, სადაც ასევე განთავსებული იყო ვენტილაციის სისტემები, წყლის მიწოდების დანადგარები, გამათბობლები, მაღალი ძაბვის ელექტრო კარადები და სხვადასხვა ხელსაწყოები დასაწყობებული იყო ადვილად წვადი და აალებადი ნივთიერებები. პროკურატის განმარტებით, ეს სახანძრო უსაფრთხოების რეგლამენტის დარღვევას წარმოადგენს.

"ამან 2017 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში ხანძრის სწრაფად გაძლიერება და სასტუმროში ძლიერი დაკვამლიანების წარმოქმნა განაპირობა. ძლიერი დაკვამლიანების გავრცელებას ხელი შეუწყო უსაფრთხოების ნორმების არარსებობამ. ამასთან შენობა არ იყო აღჭურვილი გამართული ავტომატური სახანძრო და კვამლმაუწყი სიგნალიზაციით, რაც ფ.ი. - ს პასუხისმგებლობას წარმოადგენდა. სასტუმროს მე-5 და მე-6 სართულებზე განთავსებულ აუზსა და სპა სალონში, ხანძრით გამოწვეული ძლიერი დაკვამლიანების გამო, ნახშირჟანგით (CO) გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა 11 პირი, ხოლო 19 პირმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

ფ.ი. - ს და გ.მ. - ს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით (სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლეოგრანდი კი ახალი ტურისტული სეზონისთვის ემზადება. სასტუმროს მფლობელმა "მერსინ ტურიზმმა" მას სახელი შეუცვალა, ახლა ლეოგრანდს Welmond-ი ჰქვია.

"მერსინ ტურიზმმა" Leogrand-ის მშენებლობაზე $40-მილიონიანი ინვესტიცია ჩადო. სასტუმროში 182 ნომერია, 100-მეტრიან შენობაში კავკასიაში ყველაზე დიდი ფართობის მქონე კაზინოც არის განთავსებული. კომპანიის მფლოებელები თურქეთის მოქალაქეები თოლგა ავგორენი და თილგან არიფაღაოღლუ არიან.

კომენტარები