Facebook

ილონ მასკმა Tesla-სა და SpaceX-ის Facebook გვერდები წაშალა

ილონ მასკმა SpaceX-ისა და Tesla-ს Facebook გვერდები წაშალა. ხსენებული კომპანიების დამფუძნებელმა ეს გადაწყვეტილება Facebook-ისა და Cambridge Analytica-ს სკანდალის გამო მიიღო.

მასკმა თქვა, რომ მისი კომპანიების Facebook გვერდების არსებობის შესახებ არც კი იცოდა, სანამ ამის შესახებ Twitter-ზე არ უთხრეს. მასკს Twitter-ზევე მოუწოდეს, წაეშალა ვერიფიცირებული გვერდები. სანამ ამას გააკეთებდა, მან დაწერა: „რა არის Facebook-ი?“.

ილონ მასკსა და Facebook-ის დამფუძნებელს მარკ ზაკერბერგს უთანხმოება ადრეც ქონდათ. 2016 წელს SpaceX-ის რაკეტა გაშვებისას აფეთქდა და Facebook-ის სატელიტი დააზიანა. ამ სატელიტის დახმარებით კომპანია აფრიკის ზოგიერთ ნაწილში ინტერნეტის შეტანას გეგმავდა. ზაკერბერგმა მაშინ თქვა, რომ იმედაცრუებული იყო, მასკმა კი ახალი სატელიტის განსათავსებლად უფასო მომსახურება შესთავაზა.

სკანდალში Facebook-ი რამდენიმე დღის წინ გაეხვა და შედეგად ათეულობით მილიარდი დოლარი დაკარგა. New York Times-ის, Channel 4-სა და The Guardian-ის ჟურნალისტური გამოძიებიდან გაირკვა, რომ facebook-ის 50 მილიონი მომხმარებლის ანგარიში დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულმა კომპანია Cambridge Analytica-მ საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენა.

დაწვრილებით Cambridge Analytica-ს სკანდალის შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები