ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

48-საათიანი განრიდება და სხვა ინიციატივები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

ტაბულა

ქალთა უფლებების დაცვისა და გაძლიერების მიზნით, ევროპულმა საქართველომ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა.

პარტიამ დაგეგმილი ცვლილებები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ქალთა მოძრაობის წევრებთან შეხვედრაზე განიხილა.

"ევროპულ საქართველოში" მიიჩნევენ, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევებში შემაკავებელი ორდერის გამოწერის პარალელურად, პოლიციამ მოძალადე მსხვერპლს 48-საათიანი პატიმრობის სახით უნდა განარიდოს.

კიდევ ერთი ინიციატივა ეხება მსხვერპლის დაკითხვას - პარტიაში აცხადებენ, რომ პირველივე დაკითხვა უნდა მოხდეს არა საგამოძიებო ორგანოებში, არამედ მოსამართლის მიერ.

დაგეგმილ ცვლილებებში საუბარია სექსუალურ შევიწროებაზეც. "ევროპული საქართველოს" აზრით, ომბუდსმენის და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები გასათვალისწინებელია და სექსუალური შევიწროების საქმეებზე არსებული ხანდაზმულობის სამთვიანი ვადა უნდა გაიზარდოს, რათა სასამართლოსთვის მიმართვის ბერკეტი რეალური და ეფექტიანი იყოს.

კიდევ ერთი ინიციატივა ეხება ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ამის მისაღწევად ერთ-ერთი ნაბიჯია ქორწინების შემდეგ ერთობლივად შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ მხოლოდ ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე რეგისტრაცია. შედეგად, მეუღლის თანხმობა სავალდებულო აღარ იქნება.

დღევანდელი შეხვედრის მონაწილეები 48-საათიანი პატიმრობის ინიციატივას დადებითად აფასებენ.

"მოძალადისგან განრიდების ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხშირ შემთხვევაში ამ დროს არამხოლოდ ქალი, ბავშვებიც საფრთხის ქვეშ არიან, მიდის ბავშვებით მანიპულაცია. ასევე, მოძალადე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ოჯახის სხვა წევრებზეც და ქალს ტოვებს უფრო მაღალი რისკების ქვეშ, ვიდრე პოლიციისადმი მიმართვამდე იყო. 48-საათიანი პატიმრობით გარკვეულწილად დეესკალაცია მოხდება. მსხვერპლს ექნება დრო, რომ მიიღოს გადაწყვეტილება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ როცა პოლიცია გადაწყვეტს განარიდოს მოძალადე, ამის შემდეგ შევიდეს სოციალური მომსახურების სააგენტო, შეისწავლოს სიტუაცია, გაზომოს რისკები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება", - ამბობს ტაბულასთან ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

აზრთა სხვადასხვაობაა მსხვერპლის მოსამართლის მიერ დაკითხვის საკითხზე. "ევროპულ საქართველოში" მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში, როცა მას ეცოდინება, რომ ჩვენების შეცვლისთვის სასჯელი ემუქრება, მოძალადის სასარგებლოდ ჩვენებას აღარ შეცვლის. ქალთა მოძრაობის წევრების ნაწილის თქმით, ამან შესაძლოა პირიქით, უფრო შეაშინოს მსხვერპლი და შედეგად, პოლიციას საერთოდ აღარ მიმართოს.

"ფაქტია და პრაქტიკამაც აჩვენა, რომ კანონს დახვეწა სჭირდება. "ევროპული საქართველოს" მიერ შემოთავაზებული ინიციატივები უნდა დამუშავდეს, მაგრამ ახლაც ვარ დარწმუნებული, რომ მოძალადის განრიდების 48-საათიანი მექანიზმი, პრაქტიკიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს ეფექტური. რაც შეეხება მოსამართლის წინაშე დაკითხვის პრაქტიკის შემოტანას, ამას ჩემი აზრით სჭირდება დამუშავება. მე მაფიქრებს, ის რომ მსხვერპლს არ დავაკისროთ და მთლიანად არ ავკიდოთ მტკიცების ტვირთი და ციხეში გაშვების რისკი, რამაც შეიძლება კიდევ უფრო შეაშინოს ქალები და საერთოდ გადაიფიქრონ პოლიციაში დარეკვა. ჩვენ უნდა ჩავხედოთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას და პრაქტიკას. ეს ცვლილებები ყველას გვჭირდება, მაგრამ კიდევ უფრო სიღრმისეულად უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად", - ამბობს ქალთა მოძრაობის წევრი, იდა ბახტურიძე.

რაც შეეხება სექსუალური შევიწროების ხანდაზმულობის ვადას, ინიციატივას შეხვედრის მონაწილეები დადებითად აფასებენ, თუმცა, მიიჩნევენ, რომ ეს სექსუალური შევიწროების შესახებ კანონის ალტერნატივა არ უნდა იყოს.

"სექსუალური შევიწროების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის გაზრდა მნიშვნელოვანია. მსხვერპლს ხშირად თვითონაც ეჭვი ეპარება, ეს არ არის ხოლმე მის მიერაც გაცნობიერებული და სჭირდება დრო, რომ მოიკრიბოს ძალა და მიმართოს შესაბამის უწყებებს. ცვლილება გაზრდის იმის ალბათობას, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამინმა მოახერხოს საკუთარი უფლებების დაცვა", - ამბობს მაია ცირამუა.

"ჩვენ გვჭირდება ცალკე კანონი სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით. თუმცა შემოთავაზებულ ცვლილებასთან წინააღმდეგობას ვერ ვხედავ. სანამ ეს კანონი გვექნება, თუ მანამდეა შესაძლებელი ამ ცვლილების მიღება და 3-თვიანი ვადის გაზრდა, ეს მხოლოდ წაადგება პროცესს. მაგრამ მე არ მგონია, რომ აქ უნდა გავჩერდეთ და ეს ფუნდამენტურად აღმოფხვრის პრობლემას. ერთ-ერთ ინიციატივად შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ არა კანონის ალტერნატივად", - აცხადებს იდა ბახტურიძე.

"ევროპული საქართველოს" დეპუტატი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ კონსულტაციები გაგრძელდება და ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე წარედგინება.

"ფაქტია, რომ ძალადობისგან ქალების დაცვის კუთხით პრაქტიკაში და კანონმდებლობაში გვაქვს ხარვეზები. შევეცადეთ, ჩვენი გამოცდილებით და აქტივისტებთან ურთიერთობის შედეგად, ხარვეზები გაგვეანალიზებინა და არასამთავრობო სექტორს შევთავაზეთ მთელი რიგი ცვლილებები. თუმცა, ეს არ არის ამომწურავი და ასევე, ჩვენ დღეს რამდენიმე წინადადება მათთან კონსულტაციების შედეგად გადავიფიქრეთ. ზოგი საკითხი კარგად არის მოსაფიქრებელი. მათ აქვთ ქალებთან მუშაობის განსაკუთრებული გამოცდილება, გავაგრძელებთ ამ კონსულტაციებს და საბოლოო ჯამში გამოვალთ საერთო პაკეტით.

დღევანდელ ვითარებაში ძალადობის მსხვერპლი თუ დაასახელებს მოძალადეს, არის მუდმივი წნეხის ქვეშ ოჯახშიც და საზოგადოებაშიც. ამიტომ გვინდა გავაძლიეროთ სასამართლოს როლი. ასევე, ორდერი, რომელიც გაიცემა პოლიციის მხრიდან, არ არის ეფექტური, იმიტომ რომ ხდება განმეორებითი ძალადობა და განრიდების ეფექტურ მექანიზმებზე უნდა ვიფიქროთ. გარდა ამისა, სექსუალური შევიწროების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა უნდა გაიზარდოს მინიმუმ ერთ წლამდე, ასეთია ომბუდსმენის და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციაც. ვფიქრობთ ქალების ქონებრივი უფლებების გაძლიერებაზეც. ეს არის დიალოგის დასაწყისი, კონსულტაციები გაგრძელდება და საბოლოო ჯამში, საგაზაფხულო სესიაზე შევიტანთ საკანონმდებლო პაკეტს", - აცხადებს ელენე ხოშტარია.

კომენტარები