ვიზალიბერალიზაცია

მინისტრის მოადგილე: ამ ეტაპზე, შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე არ არსებობს

MFA

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებიდან ერთი წელი გავიდა. დღეს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის სხდომაზე ერთი წლის ანგარიში წარადგინეს. მათ იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რის წინაშეც საქართველო ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ დადგა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, “დღეის მდგომარეობით, შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე არ არსებობს". მახარობლიშვილი აღნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე ოფიციალური დისკუსია არ ყოფილა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველამ ვიცით, გარკვეული სახის წუხილი გამოხატეს ჩვენმა პარტნიორმა, მეგობარმა სახელმწიფოებმა, არც ევროკომისიის შიგნით და არც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან, რაიმე სერიოზულ, ოფიციალურ დისკუსიას, შეჩერების მექანიზმის ამოქმედების კუთხით, ადგილი არ ჰქონია" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების შესახებ საუბარი ორი თვის წინ დაიწყო, როდესაც გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარის მინისტრთა კაბინეტის წევრმა, იოაჰიმ შტამპმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გადახედვა მოითხოვა. შტამპის განცხადებით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შემდგომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველთა ლტოლვილად დარჩენის შემთხვევები. მან წარმოშობით ქართველთა კრიმინალურ საქმიანობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ დანაშაულთა რაოდენობა გაზრდილია.

საქართველომ ანალოგიური შენიშვნა ევროკომისიისგანაც მიიღო. ანგარიშში ევროკომისია განსაკუთრებული სიმწვავით ორგანიზებულ კრიმინალში ქართველთა ჩართულობაზე მიუთითებს.

"ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, საქართველო კვლავ რჩება ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად, რომლის მოქალაქეებიც ჩართული არიან ორგანიზებულ დანაშაულში. ქართული კრიმინალური დაჯგუფებები საკმაოდ მოქნილები არიან და ისინი წარმოდგენილი არიან არაერთ ქვეყანაში. აღნიშნული ჯგუფები ქურდობასა და ყაჩაღობაზე არიან ორიენტირებული. განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან: საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში."

ევროკომისია საქართველოს აძლევს რეკომენდაციას, დასრულდეს პოლიციის რეფორმა და შეიქმნას დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემა, ასევე დაასრულოს მუშაობა საიმიგრაციო რისკების შეფასების სისტემაზე.

ევროკავშირი უფლებას იტოვებს, რომ თუ საქართველო ვალდებულებებს არ შეასრულებს, ე.წ. შეჩერების მექანიზმით ისარგებლოს და ვიზალიბერალიზაციის საკითხს გადახედოს.

ამასთან დაკავშირებით, თვეზე მეტია, საქართველოს მთავრობა სხვადასხვა სანქციაზე (მაგალითად, გამკაცრდა გვარის შეცვლის პროცედურა) მუშაობს. გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების თაობაზე.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ერთი წლის წინ, 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. 1 წლის განმავლობაში, ვიზალიბერალიზაციით საქართველოს 192 453-მა მოქალაქემ ისარგებლა, მათ ევროკავშირში 258 663 ვიზიტი განახორციელეს. 1001 ადამიანს ეთქვა უარი საზღვრის გადაკვეთაზე. 

კომენტარები