მშენებლობები ლისზე

კალაძე: მიზანშეწონილია, რომ ლისის არეალში განაშენიანების პროცესი დროებით შეჩერდეს

თბილისის მერია

თბილისის მერია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განაშენიანების პროცესის დროებით შეჩერებას გეგმავს. ამის შესახებ, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დრევანდელ სხდომაზე ისაუბრა. მისივე თქმით, უკვე დაწყებულია აღნიშნული ტერიტორიის პოტენციალის კვლევა, რომლის საფუძველზეც მომზადდება გეგმა თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს ადგილი. 

„ამ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ დგას იმ ბუნებრივი მახასიათებლების გაქრობის საფრთხე, რის გამოც ლისი, როგორც სარეკრეაციო სივრცე ამდენად მიმზიდველია თბილისელებისთვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ერთერთი გადაუდებელი ამოცანაა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე ქაოტური განაშენიანების პროცესის შეჩერება და განვითარების სწორ კალაპოტში მოქცევა. ამიტომ, ამ ეტაპზე მიზანშეწონილია, რომ ლისის არეალში დროებით შეჩერდეს განაშენიანების პროცესი. უკვე დაწყებულია ამ ტერიტორიის პოტენციალის კვლევა და მინდა დავავალო ურბანული განვითარების სამსახურს, რომ ამ კვლევის საფუძველზე შეიმუშაოს ერთიანი ხედვა - განვითარების ჩარჩო გეგმა, რომელსაც მომავალში დაეფუძნება ამ არეალის განვითარება და ქალაქმშენებლობითი პროცესები. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს იქ მცხოვრები ადამიანების ინტერესებს, ასევე, მათ, ვინც იქ უნდა იცხოვროს მომავალში, იმ ადამიანებს, ვისაც უნდათ, რომ გარკვეული ინვესტიციები განახორციელონ ამ ტერიტორიაზე, რადგან ჩვენი მხრიდან მიწოდებული იქნება ჩარჩო გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს კონკრეტული არეალი“, - თქვა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მიმდინარე ქაოტური განაშენიანება ერთერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

კომენტარები