NATO-რუსეთი

NATO სკრიპალის მოწამვლის გამო რუსული მისიის 7 წევრს აკრედიტაციას ჩამოართმევს

NATO-ს განცხადებით დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის რუსული ქიმიური იარაღით მოწამვლის გამო ისინი რუსეთის მისიის 7 წევრს აკრედიტაციას ჩამოართმევენ, ხოლო 3 აპლიკანტს აკრედიტაციაზე უარს ეტყვიან.

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით რუსეთის მისიის ზომა 30-დან 20 წევრამდე შემცირდება. სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ რუსეთი დასავლეთის ქვეყნებისაგან მსგავს რეაქციას არ მოელოდა და ეს აჩვენებს რუსეთის ხელისუფლებას, თუ რამდენად მყარია მათი პოზიციები.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის რუსული ქიმიური იარაღით მოწამვლის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ტერეზა მეის თანადგომა გამოუცხადა და თქვა, რომ აშშ-ს 60 რუსი დიპლომატი დატოვებს. გარდა ამისა, დაიხურება სიეტლში რუსეთის საკონსულოც. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიბაკოვის თქმით ოფიციალური მოსკოვი აშშ-ის გადაწყვეტილებას 60 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ მკაცრად უპასუხებს, თუმცა კვლავ ღია არის ვაშინგტონთან სტაბილურობის შესახებ მოლაპარაკებებისათვის.

რუსი დიპლომატებს გააძევებენ სხვა ქვეყნებიდანაც:

საფრანგეთი 4 დიპლომატს გააძევებს. 

გერმანია - 4; პოლონეთი - 4, ჩეხეთი - 3, ლიტვა - 3, დანია - 2, ნიდერლანდები - 2, იტალია - 2, ესპანეთი - 2, ესტონეთი - 1, ხორვატია - 1, ფინეთი - 1, უნგრეთი - 1 ლატვია - 1, რუმინეთი - 1, შვედეთი - 1, ირლანდია - 1.

ლატვიამ ასევე გადაწყვიტა რუსეთის იმ მოქალაქეთა სია გააფართოოს, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალება.

ნორვეგიას დატოვებს 1 რუსი დიპლომატი, ალბანეთს - 2, უკრაინას - 13, კანადას კი -- 4.

ავსტრალიის პრემიერმინისტრის თქმით ბრიტანეთისათვის მხარდაჭერის გამოსახატად ქვეყნიდან 2 რუს დიპლომატს გააძევებენ. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ სხვა ქმედებებიც განიხილონ, მათ შორის 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბოიკოტის გამოცხადება.

28 მარტს ლუქსემბურგმა გამოაცხადა, რომ რუსეთიდან საკუთარ ელჩს კონსულტაციებისათვის გამოიწვევს.

კომენტარები