ბორჯომის საკრებულო

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე, ზაზა ჩაჩანიძე გადააყენეს

reginfo.ge

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე, ზაზა ჩაჩანიძე გადააყენეს. გადაწყვეტილება საკრებულომ დღეს მიიღო. 

გადაწყვეტილება საკრებულოს 21-მა წევრმა მიიღო, ჩაჩანიძის წინააღმდეგ კი ხმა 19-მა წევრმა მისცა. მათგან 13 ქართული ოცნების წევრია. მის წინააღმდეგ ხმა მისცეს პატრიოტთა ალიანსის წევრებმაც. ამავე პარტიის წევრია ჩაჩანიძეც. საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სხდომაში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიიღეს. სხდომას არც ჩაჩანიძე დასწრებია. მომხდარზე კომენტარს ის ჯერჯერობით არ აკეთებს. 

საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნის საკითხი პატრიოტთა ალიანსის და ქართული ოცნების წევრებმა რამდენიმე დღის წინ დააყენეს. 

საკრებულოს "ევროპული საქართველოს" დეპუტატის, ბაქარ შირაძის ინფორმაციით, განმცხადებლები ამ მოთხოვნის ოფიციალურ მიზეზად თითქოს ჩაგდებულ ინფრასტრუქტურულ  პროექტს ასახელებენ, თუმცა რეალური მიზეზი სხვა რამ არის. 

"2017 წლის დეკემბრის სხდომაზე საკრებულომ უარი თქვა, თანხა გამოეყო 4 ავტობუსის ყიდვაზე - თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ მერია MAN-ის კარგი ავტობუსების შეძენას აპირებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბელორუსული "მაზ"-ის ყიდვა იგეგმებოდა, რაზეც საკრებულომ უარი თქვა. "ქართული ოცნების" და "პატრიოტთა ალიანსის" წევრები ამბობენ, რომ ოპოზიციამ ინფრასტრუქტურულ პროექტზე ვთქვით უარი. სინამდვილე ის არის, რომ ალიანსი მმართველ გუნდს შეეკრა. ქართულ ოცნებას არ მოსწონს ბორჯომის ოპოზიციური საკრებულო. ეს ღალატია", - ამბობს შირაძე. 

გარიგების შესახებ ბრალდებები საკრებულოს პატრიოტთა ალიანსის და ქართული ოცნების წევრებმა უარყვეს და თქვეს, რომ ჩაჩანიძის გადაყენება იმიტომ სურდათ, რომ ის ბორჯომის განვითარებას აფერხებს. 

ბორჯომის საკრებულო საქართველოს თვითმმართველ ორგანოებს შორის ერთადერთია, სადაც მმართველი პარტია "ქართული ოცნება" უმცირესობაშია. 

კომენტარები