undefined

IDFI: ბოლო 4 წელიწადში სასკოლო ინფრასტრუქტურაზე გაწეული ხარჯები 35%-ით შემცირდა

IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, ბოლო 4 წლის განმავლობაში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწყობაზე გაწეული ხარჯი 35%-ით შემცირდა. 

IDFI-ის მიერ შეგროვებული ინფორმაციის მიხედვით, 2014-2017 წლებში სკოლებში, საერთო ჯამში 123 მილიონი ლარი დაიხარჯა. მათგან ყველაზე ნაკლები, 24 185 590 ლარი - 2017 წელს. 

ორგანიზაციის ცნობით, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, სკოლებში 65%-ით ნაკლები სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. 

2016-2017 წლებში ყველაზე მეტი თანხა დედაქალაქის სკოლებისთვის იყო გამოყოფილი, 2016 წელს 8,740,398 ლარი, 2017 წელს კი – 7,098,263.

2016 წელს, თბილისის შემდეგ, ყველაზე მეტი თანხა შიდა ქართლის რეგიონზე დაიხარჯა – 4,204,636 ლარი, ყველაზე ცოტა კი აჭარაზე – 32,466. ანალოგიური ტენდენცია გამოიკვეთა 2017 წელსაც და დედაქალაქის შემდეგ თანხის ყველაზე დიდი ნაწილი შიდა ქართლის რეგიონს გამოეყო – 5,482,118 ლარი. აჭარის რეგიონზე დახარჯული თანხა კი, წინა წელთან შედარებით, 91 %-ით შემცირდა და მხოლოდ 1,727.75 ლარი შეადგინა.

2017 წელს, წინა წელთან შედარებით, სკოლების ინფრასტრუქტურაზე დახარჯული თანხები გაიზარდა შიდა ქართლის, იმერეთისა და გურიის რეგიონებში, მცხეთა-მთიანეთში თითქმის იგივე დარჩა, ხოლო სხვა ყველა რეგიონში შემცირდა.

რაც შეეხება 2014 და 2015 წლებს, ამ პერიოდში განათლების სამინისტრო ხარჯების რეგიონების მიხედვით აღრიცხვას არ აწარმოებდა. 

IDFI აცხადებს, რომ სკოლების ინფრასტრუქტურაზე გაწეული ხარჯები პირდაპირ პროპორციული არ არის სკოლების რეგიონების მიხედვით განაწილებასთან. საქართველოში ყველაზე მეტი საჯარო სკოლა იმერეთშია, ხოლო აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ქვემო ქართლში თითქმის თაბარი რაოდენობაა – 230-დან 240-მდე. ყველაზე ცოტა კი – 67 საჯარო სკოლა – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია. 

კომენტარები