ჟენევის მოლაპარაკებები

კაპანაძე: 5 მიზეზი, რატომ არ უნდა დავეთანხმოთ ჟენევაში ძალის არგამოყენების დოკუმენტს

საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგი კაპანაძე ასახელებს ხუთ მიზეზს, რატომ არ უნდა დაეთანხმოს ქართული მხარე ჟენევაში ძალის არგამოყენების დოკუმენტს. ცნობისთვის, დღეს, ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის ბოლოს გადაწყდება, მიიღებენ თუ არა მხარეები ძალის გამოუყენებლობაზე ზეპირ შეთანხმებას.

"1. ეს დოკუმენტი ხსნის წნეხს რუსეთზე, რომ მან აიღოს ჩვენ მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულება. სამწუხაროდ, ამ ნაწილში სრულად დავმარცხდებით.

2. ეს დოკუმენტი გააძლიერებს რუსეთის პოზიციას, რომელიც ამ დოკუმენტის მიღებისთანავე იტყვის, რომ ეს არის промежуточное заявление და რომ აწი უნდა დავიწყოთ იურიდიულ დოკუმენტზე მუშაობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად. ანუ, ისევ ჩვენზე გაიზრდება წნეხი.

3. დაიკარგება ჩვენი მრავალწლიანი მოთხოვნა, რომ ძალის არგამოყენების ნაწილი იყოს "უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები", რაც ჩვენთვის ნიშნავს საერთაშორისო ძალების შესვლას ოკუპ. ტერიტორიებზე. ეს ტერმინი საერთოდ აღარ გამოიყენება ტექსტში. ამიტომ, სერიოზული უკანსვლაა.

4. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მთლიანად ჟენევის არქიტექტურა. ვინ არიან მხარეები? ვინ იღებს ვალდებულებას? ეს კითხვები ყოველთვის ისმოდა, მაგრამ ამ განცხადებით აბსოლუტურად ერთ სიბრტყეში აღმოვჩნდებით ჩვენ, სოხუმი და ცხინვალი.

და ბოლოს, ამ საერთაშორისო კონტექსტში, როდესაც რუსეთი ომს აგრძელებს უკრაინაში, ნერვულ გაზს იყენებს დიდ ბრიტანეთში, გვიკლავს ტატუნაშვილს, როცა მის დიპლომატებს პანტა-პუნტით ყრიან დასავლეთის ქვეყნებიდან, რატომ უნდა გინდოდეს და მოსკოვს მიანიჭო "კონსტრუქციულის" წოდება ჟენევაში, სრულიად გაუგებარია" - წერს კაპანაძე Facebook-ში.

ევროპული საქართველოს დეპუტატი იმედოვნებს, რომ "ამ რაუნდს გადავაგორებთ ისე, რომ ამ შეცდომას ქართული დიპლომატია არ დაუშვებს. საგარეოში ნამდვილად არიან ადამიანები, რომელთაც ესმით, რომ ეს ნაბიჯი გამოუსწორებელი შეცდომა იქნება".

სერგი კაპანაძე იქვე აღნიშნავს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრს კითხვებიც მიწერა, რაზე პასუხიც არ მიუღია. 

ოფიციალური ინფორმაციით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდის მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის საქმე და ძალის გამოუყენებლობის შესახებ ზეპირი შეთანხმების მიღწევაა.

კომენტარები