ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

ძალადობა, მუქარა, იძულება - სამ თვეში ოჯახური დანაშაულის ბრალდებით 855 პირი დააკავეს

www.irishtimes.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ორჯახური დანაშაულის ბრალდებით 855 პირი დააკავეს.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს-ს ახალი, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ისაუბრა.

ლონდა თოლორაიას განცხადებით, ოჯახური დანაშაულისთვის თბილისში 424 პირი დააკავეს, იმერეთსა და რაჭ-ლეჩხუმში 78, ქვემო ქართლში 76, კახეთში 68, შიდა ქართლში 66, აჭარაში 40, სამცხე-ჯავახეთში 39, სამეგრელოში 25, გურიაში 25 და მცხეთა-მთიანეთში 14.

რაც შეეხება კონკრეტულ დანაშაულებს, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ამბობს, რომ ბრალდებულთა ძირითადი ნაწილი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარის, იძულებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით დააკვეს.

რაც შეეხება კონკრეტულ მუხლებს, დაკავებული 855 პირიდან:

  • 585 დააკავეს ოჯახში ძალადობის ბრალდებით;
  • 206 დააკავეს ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით;
  • 39 დააკავეს ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით;
  • 5 დააკავეს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით;
  • 3 დააკავეს ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული იძულების ბრალდებით;
  • 3 დააკავეს ოჯახის წევრის ადევნების ბრალდებით;
  • 3 დააკავეს ოჯახის წევრის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით;
  • 2 დააკავეს ოჯახის წევრის მკვლელობის ბრალდებით;
  • 2 დააკავეს ოჯახის წევრის ნივთის დაზიანების ბრალდებით;
  • 2 დააკავეს ოჯახის წევრის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით;
  • 1 დააკავეს ოჯახის წევრის მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით;
  • 1 დააკავეს ოჯახის წევრის მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით;
  • 1 დააკავეს ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით;
  • 1 დააკავეს ოჯახის წევრის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით;
  • 1 დააკავეს ოჯახის წევრის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით.

გარდა ამისა, ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, გამოძიების დაწყების პარალელურად, მსხვერპლთა დაცვის მიზნით, სამართალდამცველება 1402 პირის მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მოძალადეებს დაუწყესდათ გარკვეული შეზღუდვები და აეკრძალათ მსხვერპლთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია.

"ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამინისტროს პოლიტიკა მოძალადეების მიმართ არის სამართლიანი და მკაცრი, რაც, უპირველეს ყოვლისა, მსხვერპლთა ძალადობისგან დაცვის მიზანს ემსახურება", - აცხადებს თოლორაია.

მისივე ინფორმაციით, პოლიციაში მიმართვიანობა გაზრდილია და 2018 წლის სამ თვეში გამოძიება დაიწყო 1179 შეტყობინებაზე, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი იყო 530.

"ეს ადასტურებს, რომ პოლიციისადმი ნდობა გაზრდილია როგორც ძალადობის მსხვერპლთა, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა მხრიდან.

თუმცა ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისა და მომართვიანობის მნიშვნელოვნად ზრდის პარალელურად, არსებობენ მსხვერპლები, რომლებიც თავს იკავებენ სამართალდამცველებთან თანამშრომლობისგან, არ ატყობინებენ დანაშაულის შესახებ პოლიციას ან შეტყობინების შემდეგ უარს აცხადებენ მოძალადის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რაც მოძალადეს უბიძგებს ახალი და, როგორც წესი, უფრო მძიმე ძალადობის ჩადენისაკენ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მსხვერპლს, ასევე, ყველა იმ პირს, რომელიც ფლობს ინფორმაციას ძალადობის შესახებ, ითანამშრომლონ პოლიციასთან და გამოძიებასთან, რათა დაუსჯელი არ დარჩეს ძალადობის არც ერთი ფაქტი და მსხვერპლს მიეცეს უსაფრთხო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა", - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი ახალი დეპარტამენტი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის შესახებ შემოსულ შეტყობინებებსა და სისხლის სამართლის საქმეებს ყოველდღიურ რეჟიმში უწევს მონიტორინგს, რათა ასეთ ფაქტებზე რეაგირება იყოს კიდევ უფრო დროული და ეფექტიანი.

კომენტარები