სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმე

სპეციალისტებმა "ნოვიჩოკის" დიდი რაოდენობა სკრიპალის სახლის კარზე აღმოაჩინეს

Reuters

ბრიტანეთის ანტი-ტერორისტული პოლიციის გამოძიებამ დაასკვნა, რომ მომწამლავი ნივთიერება "ნოვიჩოკი", რომელმაც ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლა გამოიწვია სკრიპალის სახლის კარზე დატოვეს.

სკოტლანდ იარდის ინფორმაციით სპეციალისტებმა ნივთიერების ყველაზე მაღალი შემცველობა სწორედ სახლის კარზე აღმოაჩინეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დიდი ბრიტანეთი საერთაშორისო ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ლონდონმა ისე დააბრალა რუსეთს საკუთარი მოქალაქეების მოწამვლა, რომ მტკიცებულებებიც არ წარუდგენია. რუსეთის საგარეო უწყება ამტკიცებს, რომ დასახელებული საწამლავი რუსეთში არასოდეს გამოუყენებიათ. მათი თქმით, ლონდონმა ფართომასშტაბიანი პოლიტიკური და მედია კამპანია წამოიწყო რუსეთის წინააღმდეგ. მათ გამოყვეს დიპლომატების ქვეყნიდან გაძევება და სანქციების საკითხიც.

"ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება კიდევ ერთხელ ვერ უზრუნველყო" წერია განცხადებაში. მათ ასეთ შემთხვევებს შორის, სკრიპალთან ერთად, მოიხსენიეს ალექსანდრე ლიტვინენკოს, ბადრი პატარკაციშვილის და ბორის ბერეზოვსკის სიკვდილი. 

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით რუსეთმა სათანადოდ ვერ შეაფასა თუ რა საერთაშორისო რეაქცია მოჰყვებოდა მათ ქმედებას.

დიდი ბრიტანეთის შემდეგ 23 ქვეყნიდან ჯამში 130-მდე რუსი დიპლომატი გააძევეს. აშშ-მა სიეტლში რუსეთის საკონსულოს დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღო. NATO-მ რუსული მისიის დიპლომატების ნაწილს აკრედიტაცია შეუჩერა. გაერთიანებული სამეფო ასობით რუს მილიონერზე გაცემულ ვიზებს ხელახლა განიხილავს.

კომენტარები