ჟენევის მოლაპარაკებები

რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, გააუქმოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

Getty Images

რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, გააუქმოს "კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". ამის შესახებ ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებაში წერია, რომელიც ჟენევის დისკუსიების 43-ე რაუნდის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა. 

"რუსული მხარის მხრიდან ხაზგასმული იყო ქართული მხარის მცდელობების კონტრპროდუქტიულობა, გამოიყენოს ჟენევის შეხვედრები თავიანთი იდეოლოგიური კლიშეების გასაჟღერებლად. ამასთან ერთად, უმჯობესი იქნებოდა, საქართველო, ბოლოს და ბოლოს, სერიოზულად დაფიქრდეს მეზობლების ნდობის აღდგენაზე: დაიწყოს ჟენევაში ორმხრივ პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან და უარი თქვას სხვა ქვეყნების წაქეზებაზე, ბლოკადაში მოაქციოს იქ მცხოვრებლები, გააუქმოს "კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", შეწყვიტოს კულტურულ-ჰუმანიტარული ღონისძიებების ჩაშლა საზღვარგარეთის ქვეყნებთან", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა გამოთქვეს შეშფოთება საქართველოს ნატო-სთან სამხედრო თანაშმრომლობისა და გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციის გამო.

„რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა სოლიდარულად გამოხატეს შეშფოთება ნატო-სთან საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის გამო. ხაზი გაესვა გარანტიების არარსებობას, რომ საქართველოში, რომელიც გაძლიერებულად მარაგდება დასავლეთის შეიარაღებით, კვლავ არ გაძლიერდება მეზობლების მიმართ ძალისმიერი მიდგომები. ეს უქმნის საფრთხეს სამხრეთ კავკასიაში რეგიონულ სტაბილურობას", - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი 27-28 მარტს გაიმართა. მხარეებმა ძალის არგამოყენების შესახებ ზეპირი შეთანხმება ვერ მიიღეს - ამაზე უარი ქართულმა მხარემ თქვა. დისკუსიების მთავარი თემა სწორედ ეს შეთანხმება, ასევე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე იყო.

საქართველომ ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა 2010 წელს დადო და რუსეთის ფედერაციისგანაც იმავეს ითხოვს, თუმცა, რუსეთი კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ საქართველომ მსგავსი შეთანხმებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან ოფიციალურად უნდა გააფორმოს. ეს ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელი იყო.

კომენტარები