ჟენევის მოლაპარაკებები

ბოკერია კარასინზე: მან დაადასტურა ის, რაც ისედაც ვიცოდით

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას შეფასებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის გუშინდელი რეაქცია მოულოდნელი არ ყოფილა. 

"სამწუხაროდ, მან დაადასტურა ის, რაც ჩვენ ისედაც ვიცოდით. ის მიესალმა პრემიერმინისტრის წერილს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის იყო საზიანო იმიტომ, რომ იმ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყო, რაც რუსეთის ინტერესებში შედის უკვე მრავალი წელია. მან დაგმო პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, ევროპული საქართველოს ინიციატივით მიღებული რეზოლუცია, იმიტომ, რომ ის სწორად აყენებს საკითხს და რეალურად ავალებს მთავრობას, რომ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც რუსეთს უქმნის პრობლემებს და ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არის,"- თქვა გიგა ბოკერიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ "რუსეთმა მაქსიმალური ზიანი მიიღოს."

"რა თქმა უნდა, ზოგადად, ჟენევის დღეს არსებული ფორმატი, რომელიც შეიქმნა 2008 წლის აგრესიის შემდეგ არის ის ფორმატი, რომელიც გრძელვადიანად საქართველოს სჭირდება, ამიტომ, ჩვენმა ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ფორმატი შეინარჩუნოს ამ გრძელვადიან ფორმატში და თუ რუსეთს უნდა, ჩაშალოს ეს ფორმატი, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ მაქსიმალური ზიანი მიიღოს რუსეთმა და ცალსახად მისი პასუხისმგებლობა იყოს ასეთ ნაბიჯზე წასვლა,"- თქვა ბოკერიამ.

საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდი ჟენევაში 27-28 მარტს გაიმართა. შეხვედრების მთავარი თემა ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე და ძალის გამოუყენებლობის შესახებ ზეპირი შეთანხმების მიღწევა იყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა თქვა, რომ მოეწონა პრემიერმინისტრის ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები, თუმცა მისი თქმით, შემდგომში პარლამენტში გაკეთებულმა განცხადებებმა გიორგი კვირიკაშვილის კონსტრუქცივიზმი გადახაზა. ამაში, სავარაუდოდ, რუსი მინისტრის მოადგილემ ევროპული საქართველოს ინიცირებული რეზოლუციის პროექტი - "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" იგულისხმა.

კომენტარები