სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმე

სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით, საქართველო ერთ რუს დიპლომატს აძევებს

საგარეო საქმეთა სამინსტრო

საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს გმობს და საქართველოდან ერთ რუს დიპლომატს აძევებს.

"სამინისტრო გამოხატავს სოლიდარობას გაერთიანებული სამეფოსადმი, იზიარებს გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიუღებელ პიროვნებად აცხადებს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში" - წერია სამინისტროს განცხადებაში.

ტაბულა დაუკავშირდა საგარეო უწყებას კითხვით, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ცხრა თანამშრომლიდან რატომ აძევებენ მხოლოდ ერთს. 

შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

ამის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნიდან 60 რუსი დიპლომატის გაძევების და სიეტლში რუსეთის საკონსულოს დახურვის ბრძანება გასცა. ქვეყნიდან გაძევებულებს შორის იქნება ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში რუსეთის მისიის 12 წევრი.

დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის რუსული ქიმიური იარაღით მოწამვლის საპასუხოდ უკრაინა ქვეყნიდან 13 რუს დიპლომატს გააძევებს. 4-4 რუს დიპლომატს გააძევებენ კანადა, საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი. სამ-სამს - ჩეხეთი და ლიტვა. ორ-ორ რუს დიპლომატს აძევებენ დანია, ნიდერლანდები, იტალია, ესპანეთი და ალბანეთი. თითო-თითო რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს ესტონეთმა, ნორვეგიამ, ხორვატიამ, ფინეთმა, უნგრეთმა, ლატვიამ, რუმინეთმა და შვედეთმა. 

ლატვიამ ასევე გადაწყვიტა რუსეთის იმ მოქალაქეთა სია გააფართოოს, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალება.

კომენტარები