მალალა იუსაფზაი

"5 წლის მანძილზე, დაბრუნება მუდმივ ოცნებად მქონდა" - მალალა პაკისტანში ჩავიდა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

“ბოლო 5 წლის განმავლობაში, მუდმივად ვოცნებობდი პაკისტანში დაბრუნებაზე. ახლა ვარ უბედნიერესი, რადგანაც ხუთნახევარი წლის შემდეგ, ისევ ჩემს მშობლიურ მიწაზე დავდგი ფეხი.” - ამ სიტყვებით მიმართა მოსახლეობას პაკისტანის პრემიერმინისტრთან, შაჰიდ ჰაქან აბასისთან შეხვედრისას მალალა იუსაფზაიმ.

ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი მალალა იუსაფზაი, 5-წლიანი განშორების შემდეგ, პაკისტანს 4-დღიანი ვიზიტით ეწვია. მას აეროპორტში გაძლიერებული დაცვა დახვდა, ტელევიზია კი, მალალასა და მისი ოჯახის წევრების კადრებს ტრანსლირებდა. აეროპორტის დატოვებისას, ის 15 მანქანისგან შემდგარმა ესკორტმა გააცილა. მათ შეიარაღებული პოლიცია იცავდა.

ოპოზიციონერი იმრან ხანის პარტიამ თქვა, რომ იუსაფზაის დაბრუნება პაკისტანში, ერთგვარი თავდაცვაა ექსტრემიზმისგან.

მალალა პაკისტანის ქალაქ სვატში ცხოვრობდა. სვატის მოსახლეობა მის ჩასვლას დიდი სიხარულით შეხვდა. სკოლის ერთერთმა მოსწავლემ თქვა, რომ ყოველთვის ოცნებობდა მალალას სვატში ნახვაზე.

ჩამოსვლიდან რამდენიმე საათში, მალალა პრემიერმინისტრს შეხვდა, სადაც ის სიტყვით გამოვიდა.

“იყო სროლები, მომიწია ქვეყნის დატოვება... ყველაფერი თავისით მოხდა, მე არაფრის კონტროლი არ შემეძლო. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, არასოდეს დავტოვებდი ჩემს სამშობლოს. ექიმებმა გამიკეთეს ოპერაცია, რამაც გადამარჩინა. მაგრამ შემდგომი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი იყო გარეთ გასვლა და სწავლის გაგრძელება. პაკისტანში დაბრუნება მუდმივ ოცნებად მქონდა. მინდა, რომ ქუჩაში თავისუფლად გადაადგილებისა და ხალხთან კონტაქტის საშუალება მქონდეს. ვიმედოვნებ, რომ ეს ადგილი ისეთივე იქნება, როგორც უწინ” - თქვა შეხვედრაზე მალალა იუსაფზაიმ.

მალალა მინგორაში დაიბადა. ოჯახი იმ რეგიონში სკოლებს ფლობდა. მალალას თქმით, მამამისი იყო მისი ინსპირაციის წყარო. მალალა გოგონებისთვის განათლების მიცემას მოითხოვდა.

მან 2009 წელს, 12 წლის ასაკში, ფსევდონიმით დაწერა თავისი პირველი ბლოგი BBC ურდუსთვის, სადაც აღწერდა, როგორ ჰქონდა ოკუპირებული თალიბანს სვატი, ქალაქი, სადაც ცხოვრობდა. 

2012 წლის 9 ოქტომბერს, მალალა Tehrik-i-Taliban Pakistan-ის მებრძოლებმა დაჭრეს. მათთის მიუღებელი იყო, რომ მალალა გოგონებისთვის განათლების მიცემისთვის იბრძოდა.თალიბანის მებრძოლებმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, როდესაც გამოცდიდან სახლში ბრუნდებოდა. სამედიცინო დახმარების მიზნით, მალალას პაკისტანი დაატოვებინეს

მალალას მკვლელობის მცდელობამ საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. 14 წლის გოგონას ამბავმა მთელი მსოფლიო აღაშფოთა, წამოიწყეს არაერთი კამპანია მის მხარდასაჭერად.

გამოჯანმრთელების შემდეგ, მალალა აქტივისტი გახდა, რომელიც განათლების პრობლემებს აპროტესტებდა. მან დააარსა მალალას ფონდი, არაკომერციული ორგანიზაცია, ხოლო 2013 წელს გამოსცა წიგნი - “მე ვარ მალალა”, რომელიც საერთაშორისო ბესტსელერი გახდა.

წლების განმავლობაში მან არაერთი ჯილდო დაიმსახურა. 2014 წელს კი, 17 წლის მალალა ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. 

2017 წელს მალალა ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღეს. ის ამჟამად ფილოსოფიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობს, მაგრამ მაინც აქტიურადაა ჩართული მსოფლიოში საგანმანათლებლო პროცესის გაუმჯობესებისკენ მიმართულ კამპანიებში.

“არ მინდა, იმით მიცნობდნენ, რომ მე ვარ ის გოგონა, რომელსაც თალიბანის მებრძოლებმა ესროლეს. მინდა მცნობდნენ, როგორც განათლების მიღებისთვის მებრძოლ გოგონას. სწორედ ამას მინდა მივუძღვნა მთელი ჩემი ცხოვრება” - ამბობს მალალა იუსაფზაი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები