პატიმრებზე ძალადობა

ყვარლის იზოლატორის ყოფილ უფროსს და ინსპექტორს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის ყოფილი უფროსი თ.ვ. და ყოფილი ინსპექტორი ვ.ს. დამნაშავეებად ცნო. ყოფილ საჯარო მოხელეებს ბრალად საპატიმრო დაწესებულებაში საპროტესტო აქციის 14 მონაწილის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა ედებოდათ. საქმე 2011 წლის მაისში, თბილისში, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებს ეხებოდა. 

"იმ მიზნით, რომ ქუჩის საპროტესტო აქციებს არ მიეღო ფართომასშტაბიანი ხასიათი და ჩაეცხროთ საპროტესტო ტალღა, 2011 წლის 18 მაისიდან 22 მაისამდე პერიოდში სამართალდამცავების მიერ დაიწყო ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის აქტიური წევრების და აქციის ორგანიზატორების დევნა, რა მიზნითაც, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ჩატარდა რამდენიმე სპეცოპერაცია, რა დროსაც დააკავეს აქციაში მონაწილე პოლიტიკური პარტიების 14 აქტივისტი, რომლებსაც ადმინისტრაციული წესით 30-დან 45 დღემდე ვადით პატიმრობა შეეფარდათ და შეასახლეს შსს ყვარლის პოლიციის სამმართველოს შენობაში განთავსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორში.

პატიმრების შეყვანის შემდეგ, იზოლატორის უფროსმა თ.ვ-მ მხოლოდ იმიტომ, რომ პატიმრობაში მყოფ ხსენებულ 14 პირს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა და მონაწილეობდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში, მათი დასჯის მიზნით შეიმუშავა პატიმრებთან მოპყრობის დამამცირებელი და არაადამიანური წესები" - აცხადებს პროკურატურა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ "2011 წლის 21 მაისიდან 5 ივნისამდე პერიოდში, ყოველდღიურად, თ.ვ-ს და იზოლატორის კიდევ ერთ თანამშრომელს ვ.ს-ს საკნებიდან გამოჰყავდათ პატიმრები და სცემდნენ ხელ-ფეხით, ამცირებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, არ აძლევდნენ დღისა და ღამის საათებში დაძინებისა და დასვენების საშუალებას, აიძულებდნენ საათობით ფეხზე დგომას და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერების გინებას. პერიოდულად ხდიდნენ მაისურებს და აიძულებდნენ საკნების მორეცხვას, რის შემდეგაც დაბინძურებულ სველ მაისურებს აცმევდნენ ძალით".

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შსს ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის ყოფილ უფროსს და ყოფილ ინსპექტორს განესაზღვრათ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით 3 წლამდე შეუმცირდათ. მსჯავრდებულებს დამატებითი სასჯელის სახით 1 წლით და 6 თვის ვადით ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება, ასევე თითოეულს დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

კომენტარები