გიორგი კვირიკაშვილი

კვირიკაშვილი: ჩემი გადაყენების ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს

ტაბულა

"ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს",- სამთავრობო ცვლილების წარდგენის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა მის პოლიტიკურ გეგმებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის თანამდებობის დატოვებას მინიმუმ რამდენიმე წელი არ აპირებს.

"ორიოდე სიტყვა ვთქვა, იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვინც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მეთერთმეტე სართულს და დაყენებული აქვთ ტაიმერები ჩემ გადაყენებაზე - მინდა დავარწმუნო ისინი, რომ ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს. ამიტომ მინდა მათ ვთხოვო დაისვენონ. მე მათი საცოდაობით აღარა ვარ. გამოიძინონ კარგად სანამ საქართველო წინ წავა", - ამბობს კვირიკაშვილი.

კვირიკაშვილმა ანალოგიური განცხადება გუშინაც გააკეთა და თქვა, რომ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და ყველაფერი იქნება კარგად.

პრემიერმინისტრმა სამთავრობო ცვლილება წარადგინა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ თანამდებობა დატოვა, მას მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი უფროსი მაია ცქიტიშვილი ჩაანაცვლებს. პრემიერის თქმით, ალავიძე საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს.

გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტი 2015 წლის 30 დეკემბრიდან უჭირავს. ის ოცნების პრემიერებიდან ყველაზე ხანგრძლივად არის თანამდებობაზე. ბიძინა ივანიშვილს პოსტი 392 დღის განმავლობაში ეკავა, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი 771 დღე იყო, გიორგი კვირიკაშვილი კი ამ თანამდებობაზე უკვე 822 დღეა იკავებს.

კომენტარები