საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

რესპუბლიკელები და თავდემები ნინია კაკაბაძის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ

არასაპარლამენტო ოპოზიცია, თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკური პარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის, ნინია კაკაბაძის, მხარდასაჭერ განცხადებებს ავრცელებენ, რომლის კანდიდატურაც საპარლამენტო უმრავლესობამ, ქართულმა ოცნებამ ერთხელ უკვე ჩააგდო. 

ნინია კაკაბაძე სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს საპარლამენტო უმცირესობამ, ევროპულმა საქართველომ წარუდგინა. ასევე, საბჭოს წევრებთან გასაუბრების შემდეგ, კაკაბაძემ შესარჩევი კომისიის ცხრავე წევრისგან მიიღო დადებითი შეფასება. 

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების შეფასებით, ნინია კაკაბაძის ყოფნა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში უმნიშვნელოვანესია. 

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოში შედიოდნენ დამოუკიდებელი, კრიტიკულად მოაზროვნე და უკომპრომისო ადამიანები. სწორედ ასეთია ნინია კაკაბაძე, რომლის კანდიდატურა პარლამენტში დასამტკიცებლად კიდევ ერთხელ წარადგინა პარტია "ევროპულმა საქართველომ" უმცირესობის კუთვნილი კვოტით. "ქართული ოცნების" უმრავლესობამ წინა კენჭისყრაზე ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო, რითიც გამოამჟღავნა დამოუკიდებელი და კრიტიკული აზრის მქონე ადამიანის კატეგორიული მიუღებლობა, ამასთანავე, უმრავლესობამ ხელყო საპარლამენტო უმცირესობის არსებითად დემოკრატიული უფლება, გამოიყენოს მისთვის კანონით განსაზღვრული კვოტა. ეს ნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა მიზანდასახულად ცდილობს უგულებელყოს უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული პრინციპი და შესაბამისი პროცედურა, რომლებიც გულისხმობს უმრავლესობის გარდა სხვების უფლებების თანასწორად აღიარებასა და დაცვას,"- წერია თავისუფალი დემოკრატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კაკაბაძის კანდიდატურის ჩაგდებას ეხმიანება რესპუბლიკური პარტიაც და გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს უწოდებს. პარტიის შეფასებით, ქართული ოცნება ანგარიშს არ უწევს მაუწყებლობის შესახებ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. 

რესპუბლიკური პარტიის განცხადებით, ნინია კაკაბაძემ კონკურსის მიმდინარეობისას დაადასტურა მაღალი კვალიფიკაცია და მოვალეობებისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომა. 

"მნიშვნელოვანია, რომ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების რთულ და გამჭვირვალე პროცესში ორი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია: ა) კომისია, სრულიად ღია პროცესის პირობებში, პარლამენტისათვის წარსადგენად შეარჩევს კანდიდატებს და ბ) ინტერესთა მრავალფეროვნების სრულყოფილად ასახვისთვის, კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატებიდან პარლამენტისათვის წარსადგენად სხვადასხვა სუბიექტებიები არჩევენ თავისთვის სასურველ კანდიდატს, რომელიც მათი ხედვით უკეთ შეასრულებს მეურვის ფუნქციას,"- აცხადებს რესპუბლიკური პარტია. 

ევროპულმა საქართველომ სამეურვეო საბჭოს კანდიდატად პარლამენტს ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე მეორედ 26 მარტს წარუდგინა.

"ოპოზიცია არ უნდა ეძებდეს კანდიდატს, რომელიც ხელისუფლებას მოეწონება. პრინციპის საკითხია, რომ უმრავლესობამ პატივი სცეს ოპოზიციის კანდიდატს" , - განაცხადა უმცირესობის დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ.

გასულ კვირას პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეებად უმრავლესობის წარდგინებით ზაზა შათირიშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით ბესიკ ლილუაშვილი აირჩია. პარლამენტმა უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების კვოტით წარდგენილი ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო. კაკაბაძეს მხარი პარლამენტის 11-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 40-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

ნინია კაკაბაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთ "24 საათში", "ამერიკის ხმაზე", ტელეკომპანია "იბერიაში", აჭარის ტელევიზიაში. 2000 წლიდან აქვეყნებს სტატიებს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებსა თუ ონლაინ-მედიაში. 

კაკაბაძე, ძირითადად, მუშაობს თანამედროვე ქართული და მსოფლიო კინოს, მედიის თავისუფლების, ადამიანის უფლებების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, ლგბტ უფლებების, ქალთა უფლებების, სოციალურად დაუცველი ჯგუფების, არასრულწლოვანთა უფლებებისა და საშინაო პოლიტიკის მიმართულებით. 

2012 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის დოქტორანტი და ლექტორი. 

ამასთან, 2011 წელს ნინია კაკაბაძემ სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიური საბჭოს ჯილდო "ტოლერანტის ქომაგი" მიიღო. 

პარლამენტმა საერთო ჯამში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატებიდან 4 წევრი უნდა დაამტკიცოს. 

კომენტარები