სირია

მაკრონმა სირიაში შუამავლობის შეთავაზებაზე ერდოღანისგან უარი მიიღო

0 კომენტარი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ემანუელ მაკრონი ფოტო: Ahval

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ჩრდილოეთ სირიაში კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის შუამავლობის ინიციატივით გამოვიდა. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სპიკერმა მის შემოთავაზებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ საფრანგეთმა "ყველა ტიპის ტერორიზმის წინააღმდეგ ნათელი პოზიცია უნდა დაიკავოს."

"ჩვენ უარვყოფთ თურქეთსა და ტერორისტულ ორგანიზაციებს შორის "დიალოგის", "კონტაქტის" ან "შუამავლობის" ნებისმიერი სახის მცდელობას." განაცხადა მან.

ჩრდილოეთ სირიაში თურქეთი ქურთულ სახალხო შენაერთებს ებრძვის. ემანუელ მაკრონი სირიის დემოკრატიული ძალების წევრებს შეხვდა, რომელთა რიგებშიც შედიან ქურთული სახალხო შენაერთების მებრძოლები და იმედი გამოთქვა, რომ მათსა და თურქეთს შორის დიალოგი შედგება. საფრანგეთი, აშშ-სთან ერთად, სირიის დემოკრატიულ ძალებს იარაღს აწვდიდა და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ თურქული სამხედრო ოპერაცია "ზეთისხილის რტო" 20 იანვარს დაიწყო და ქალაქ აფრინიდან ქურთი სამხედროების განდევნას ისახავდა მიზნად. თურქეთი ქურთულ სახალხო დაცვის შენაერთებს ქურთისტანის მუშათა პარტიის ფრთად და შესაბამისად ტერორისტულ დაჯგუფებად განიხილავს. თურქეთის განცხადებით მათ ოპერაციას სირიელი ამბოხებულებიც უჭერენ მხარს.

იანვარში მაკრონმა თურქეთის სამხედრო ოპერაციაზე კომენტარი გააკეთა.

"თუ აღმოჩნდება, რომ ოპერაცია თურქეთის საზღვართან პოტენციური ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად ქვეყანაში შეჭრის ოპერაციად გარდაიქმნება, ეს ჩვენთვის დიდი პრობლემა გახდება." თქვა მან და თურქეთს მოუწოდა მოკავშირეებთან სამხედრო მოქმედებების კოორდინირებისაკენ. 

მიმდინარე თვეს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქმა სამხედროებმა, სირიელ ამბოხებულებთან ერთად ქალაქი აფრინი აიღეს.

თურქეთის ოპერაციის შემდეგ სამიზნეს სირიის დემოკრატიული ძალების მიერ კონტროლირებადი ქალაქი მანბიჯი წარმოადგენს, თუმცა, გავრცელებული ცნობით, გარდა არაბი და ქურთი მებრძოლებისა ქალაქში ამერიკული ძალებიც იმყოფებიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები