სამთავრობო ცვლილებები

მაია ცქიტიშვილის ქმრის კომპანია სამშენებლო ტენდერებში იღებს მონაწილეობას

gov.ge

გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი მაია ცქიტიშვილი წარადგინა. პრემიერმინისტრის თქმით, ზურაბ ალავიძემ მას გადადგომის განცხადებით თავად მიმართა და ის საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს. ცქიტიშვილი 2012 ოქტომრბიდან დღემდე მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ცქიტიშვილის ქმარს დავით ხატიაშვილს ეკუთვნის სამშენებლო კომპანია "ბილდინგ სოლუშენსი", რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მონაცემებით, 2015-2016 წლებში სახელმწიფო ტენდერებში იღებდა მონაწილეობას. კომპანია პრეტენდენტად ოთხ ტენდერში ფიქსირდება, თუმცა მან ვერცერთ მათგანში ვერ გაიმარჯვა. 

აღნიშნული ტენდერები:

  1. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 2016 წლის 12 აპრილს თბილისში მიტინგის ქუჩაზე მდებარე ბაგა ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი სავარაუდო ღირებულებით 663,545 ლარი. შპს "ბილდინგ სოლუშენსმა" აღნიშნულ ტენდერში შეთავაზებად 614,638 ლარი მიუთითა. საბოლოოდ ტენდერში კომპანია "აისმა" გაიმარჯვა ღირებულებით 524,202 ლარი.
  2. 2016 წლის 10 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა საბავშვო ბაღის ასაშენებლად გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი სავარაუდო ღირებულებით 468,067 ლარი. შპს "ბილდინგ სოლუშენსმა" აღნიშნულ ტენდერში შეთავაზებად 458,785 ლარი დააფიქსირდა. საბოლოოდ ტენდერში კომპანია "ორნამენტმა" გაიმარჯვა ღირებულებით 378,729 ლარი.
  3. 2015 წლის 20 აპრილს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ  შენობის რეაბილიტაციისთვის გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი სავარაუდო ღირებულებით 448,518 ლარი. "ბილდინგ სოლუშენსმა" აღნიშნულ ტენდერში შეთავაზებად 374,911 ლარი მიუთითა. საბოლოოდ ტენდერი შეწყდა და მასში გამარჯვებული არ გამოვლენილა.
  4. 2015 წლის 2 აპრილს სოფელ საჯიჯაოს საჯარო სკოლამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი სკოლის გადახურვისთვის. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 150,000 ლარი იყო. შპს "ბილდინგ სოლუშენსმა" აღნიშნულ ტენდერში შეთავაზებად 129,639 ლარი დააფიქსირდა. საბოლოოდ ტენდერში კომპანია "ტაომ" გაიმარჯვა ღირებულებით 77,777  ლარი.

მთავრობის ადმინისტრაციაში გადასვლამდე მაია ცქიტიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ კომპანია Cartu Management-ს ხელმძღვანელობდა.

კომენტარები