გენერალური ინსპექცია

გენერალური ინსპექცია: პოლიციის მაიორი თაღლითობის ფაქტზე დავაკავეთ

შსს-ის გენერალური ინსპექცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი თაღლითობის ბრალდებით გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ გენინსპექცია ავრცელებს. 

გენინსპექციის ცნობით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ობიექტის ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ნ.ბ. თაღლითობის ფაქტზე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ბ.-მ მოქალაქე ა.მ-ს ძალოვან სისტემაში სამსახურის დაწყებაში დახმარებას დაჰპირდა, სანაცვლოდ, დოკუმენტებისა და საქმის მოგვარებისთვის მოსთხოვა თანხა - 4000 ლარამდე. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.ბ. იმ დროს დააკავეს, როდესაც მოქალაქემ მოთხოვნილი თანხის ნაწილი გადასცა. პოლიციამ აღნიშნული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო,"- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ თაღლითობას და ითვალისწინებს პატიმრობას ვადით 6-დან 9 წლამდე.

კომენტარები