ევროპული საქართველო

უგულავა: პრემიერი ხალხის პრობლემებს მოწყვეტილია და სულ თავის მართლების რეჟიმშია

გიგი უგულავა
ტაბულა

ევროპული საქართველოს ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა პრემიერმინისტრ კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც გუშინ ვანსა და ხონში ყოფნის დროს თქვა, რომ გამორიცხულია ერთიან ნაციონალურ მოძრაობთან ან ამ პარტიის ყოფილ თანაგუნდელებთან თანამშრომლობა "იმ ბრალის გამო, რომელიც მათ მიუძღვით ჩვენი ქვეყნის წინაშე". 

პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის ხელისუფლებას წერილით მიმართა, სადაც ოკუპირებულ რეგიონებთან პირდაპირ მოლაპარაკებაზე წერდა, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში კვლავ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა.

უგულავას თქმით, პრემიერმინისტრმა მოიცალა "ბულვარულ ჭორებზე სასაუბროდ", მაგრამ მთავრობის მეთაურს არ გახსენებია აზიური ფაროსანა, რომელსაც უგულავასვე თქმით, დათბობასთან ერთად შავი ჭირივით ელოდება ხალხი. 

"მას არ გახსენებია აქაური მწვავე პრობლემები, მაგრამ მოახერხა "ევროპულ საქართველოსთან" მიმართებით გაემეორებინა პუტინის რუსეთის ბრალდებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით. მას არ შეუმჩნევია სრული უიმედობა და უპატრონობა რეგიონში, მაგრამ ჩვენთან მიმართებაში ისაუბრა რაღაც გაუგებარ კარტ-ბლანშებზე. ოცნება, შესაძლოა, მართლაც ერთი კაცის კარტ-ბლანშით არსებობს, მაგრამ ჩვენ და საქართველოს საზოგადოება ვცნობთ მხოლოდ მანდატს, რომელსაც არჩევნების გზით იძლევიან ჩვენი თანამოქალაქეები. ამდენად, სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილეთ ხალხის პრობლემებისგან მოწყვეტილი, შეუფერებელი ჟარგონით მოსაუბრე, მუდმივად თავის მართლების რეჟიმში მყოფი მთავრობის თავმჯდომარე, რაც ძალიან სახიფათო და საგანგაშოა ქვეყნისთვის,"- წერს გიგი უგულავა. 

კომენტარები