ომბუდსმენი: ადრეულ ასაკში ქორწინების პრაქტიკა კვლავ გამოწვევას წარმოადგენს

საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის პრაქტიკა გენდერული უთანასწორობის გამოვლინებად კვლავ რჩება და ნეგატიურ გავლენას ახდენს ქალთა და გოგონათა უფლებებზე.

"მისასალმებელია, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან, სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების გაზიარების საფუძველზე, აიკრძალა 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაცია, რამაც დადებითი გავლენა იქონია შემთხვევათა შემცირებაზე, თუმცა კვლავ მაღალია ბავშვის დაბადებისას არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობა და პრობლემად რჩება ადრეულ ასაკში ფაქტობრივი თანაცხოვრების, ქორწინების იძულების, ნიშნობის და მოტაცების ფაქტები. მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში ქორწინების თანმდევ რისკებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება, განათლების სისტემაში გენდერული საკითხებისა და სასიცოცხლო უნარების/კომპლექსური სექსუალური განათლების ინტეგრირების მეშვეობით." წერია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით სუსტია ადრეულ ასაკში ქორწინების საქმეებთან დაკავშირებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, სამართალდამცავ უწყებებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის კოორდინაცია, რასაც სოციალური სააგენტოების მიერ 2017 წელს შესწავლილი ადრეულ ასაკში ქორწინების 98 შემთხვევა მოწმობს.

"ადრეულ ასაკში ქორწინების პრაქტიკასთან ერთად, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს არასრულწლოვანი გოგონების ნიშნობა. სისხლის სამართლის კოდექსის ის 150 მუხლით, რომელიც ქორწინების იძულებას გულისხმობს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გამოძიება 6 შემთხვევაში დაიწყო, საიდანაც 5 შემთხვევაში შეწყდა გამოძიება, ხოლო სასამართლოს არცერთი საქმე არ განუხილავს." ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები