გზების დეპარტამენტი

სეთურიძე: ვტოვებ თანამდებობას, რათა ახალმა გუნმდა ხედვები თავისუფლად განახორციელოს

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიორგი სეთურიძე ამბობს, რომ მან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო. პირველ არხთან სეთურიძემ განაცხადა, რომ ასე სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას საკუთარი ხედვების უფრო თავისუფლად განხორციელების საშუალება ექნება. 

მაია ცქიტიშვილმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსად დღეს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის სამეტვალყურეო საბჭოს თავმჯუდომარე ირაკლი ქარსელაძე დანიშნა. ქარსელაძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა "პანორამა თბილისისა" და რეგიონებში მდებარე სასტუმროების განვითარების პროექტებს.

"ახალი მინისტრის და ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ, ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რადგან ახალ გუნდს საშუალება მისცემოდა თავისი ხედვები უფრო თავისუფლად გაეტარებინა. შეთანხმება დღეს მოხდა. მე ამ თანამდებობას ვტოვებ", - ამბობს სეთურიძე.

სეთურიძემ ევროპული საქართველოს მიერ გავრცელებული მასალების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ პარტიის მიერ შეგროვებული მასალები უსაფუძვლოა და არავითარ მტკიცებულებას ის არ შეიცავს.

"მას არანაირი საფუძველი არა აქვს. ამას კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი აგორებდა და მათ კონკრეტული მიზნები ჰქონდათ. მათ შეიძლება დაიბრალონ კიდეც საკადრო ცვლილებები, თუმცა ამ აბსურდულ განცხადებებზე ჩვენ კომენტარს არ გავაკეთებთ."

ევროპულმა საქართველომ გაავრცელა მასალები, საიდანაც გზების დეპარტამენტში არსებული დარღვევების შესახებ იკვეთება ინფორმაცია. ოპოზიცია გზების დეპარტამენტის ყოფილ უფროს გიორგი სეთურიძესა ყოფილ მინისტრ ზურაბ ალავიძეს, კორუფციული და ინტერესთა კონფლიქტის შემცველი სქემების შექმნაში ადანაშაულებს.

გზების დეპარტამენტში მოქმედებდა შემდეგი სისტემა:

  1. მაღალჩინოსნები, რომლებიც სატენდერო კომისიების წევრები არიან გადადიან იმ კერძო კომპანიებში მაღალანაზღაურებად პოსტებზე, რომელთა გამარჯვებასაც ხმა მისცეს
  2. იმ კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებიც ტენდერებს იგებენ სამუშაოდ სამინისტროში გადადიან

ევროპულმა საქართველომ აღნიშნული ფაქტების შემცველი მასალები პარასკევს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს გადასცა.

 

კომენტარები