საზოგადოებრივი მაუწყებელი

ომბუდსმენმა პარლამენტს საზმაუს მეურვეობის კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა წარუდგინა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა წარუდგინა. ომბუდსმენის განცხადებით, იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებმა.

"მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გაბედული და პრინციპული საქმიანობის. იზაბელა ოსიპოვა კარგად იცნობს საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ გამოწვევებს, რომლებიც სხვადასხვა ეთნიკური თემის წინაშე დგას და მზად არის მათი ინტერესების დასაცავად.

აღსანიშნავია, რომ იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურა არ ყოფილა მხარდაჭერილი არც ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ და შესაბამისად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არაპარტიული მხარდაჭერისა და მრავალეთნიკური სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ნდობის მქონე კანდიდატის დასახელება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ეროვნული უმცირესობების ჩართულობის უზრუნველსაყოფად გადაწყვეტილების მიღების პროცესში" - აცხადებს სახალხო დამცველი და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს იზაბელა ოსიპოვას. 

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის კანდიდატი ზვიად დევდარიანი ქალთა მოძრაობამ და რამდენიმე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, მან კანდიდატურა მოხსნა.

პარლამენტმა უკვე აირჩია უმრავლესობის და აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატები. შემდეგ სხდომაზე, საკანონმდებლო ორგანომ ოპოზიციის და ომბუდსმენის კვოტით დასახლებულ კანდიდატებს უნდა უყაროს კენჭი. უმცირესობამ ისევ ნინია კაკაბაძე დაასახელა. ცნობისთვის, მის კანდიდატურას უმრავლესობამ წინა სხდომაზე მხარი არ დაუჭირა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები