სახალხო დამცველის ანგარიში 2017

ომბუდსმენი: თანასწორობის მხრივ, ყველაზე დაუცველები ქალები, შშმ პირები და ლგბტ+ თემი არიან

0 კომენტარი
ფოტო: www.lieffcabraser.com

სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, თანასწორობის უფლების რეალიზების მხრივ, ყველაზე დაუცველ ჯგუფებს შორის კვლავ რჩებიან ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათ შორის, ბავშვებიც, ლგბტ+ თემის და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები.

დოკუმენტის მიხედვით, სფერო, რომელშიც სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს ყველაზე ხშირად აქვს ადგილი, წინასახელშეკრულებო და შრომითი ურთიერთობებია.

2017 წელს სახალხო დამცველმა დისკრიმინაციასთან დაკავშირებული 162 ახალი საქმე განიხილა, რომელთაგან 26 შემთხვევა დისკრიმინაციად ან დისკრიმინაციის წახალისებად მიიჩნია, ხოლო 113 განცხადებაზე საქმის წარმოება კანონით განსაზღვრული სხვადასხვა საფუძვლით შეწყდა.

ომბუდსმენის ანგარიში მიხედვით, განსახილველი საქმეების ყველაზე დიდი ნაწილი შეზღუდული შესაძლებლობის (11%), სქესის (9%), ეთნიკური წარმომავლობის (9%), განსხვავებული მოსაზრების (9%), რელიგიის (7%), სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის (7%), ასევე მოქალაქეობის (3%) და პოლიტიკური მოსაზრების (3%) ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს შეეხებოდა.

იმ 26 საქმეს შორის კი, სადაც სახალხო დამცველმა დისკრიმინაცია ან დისკრიმინაციის წახალისება დაადგინა, 6 შემთხვევა ეხებოდა სქესს, შეზღუდულ შესაძლებლობას და განსხვავებულ მოსაზრებას ხუთ-ხუთი, სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობას 4, რელიგიასა და მოქალაქეობას ორ-ორი ფაქტი, ორსულობასა და ასაკს კი თითო-თითო ფაქტი უკავშირდებოდა.

სქესის ნიშნით დისკრიმინაცია

სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად სექსუალური შევიწროება გამოვლინდა, თუმცა, ამ საკითხზე მიმართვიანობა მაღალი არ ყოფილა.

"საქმეთა სიმწირეს არაერთი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, უარყოფითი გენდერული სტერეოტიპები, მსხვერპლის დადანაშაულების პრაქტიკა და ინფორმაციის ნაკლებობა. ამასთან, სექსუალური შევიწროება, როგორც სამუშაოს შესრულებისას, ისე საჯარო სივრცეში საკანონმდებლო რეგულირების მიღმაა დარჩენილი. სათანადო რეგულირების არარსებობა კიდევ უფრო ამძაფრებს სექსუალური შევიწროების აღქმას და უარყოფითად აისახება გამოვლენის მაჩვენებელზე", - აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია სექსუალური შევიწროების საქმეებზე მტკიცებულებების მოპოვების სირთულეზეც.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სქესის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლ ჯგუფს კვლავ წარმოადგენენ ორსული ქალები.

"მსგავს შემთხვევებს, როგორც წესი, ადგილი აქვს კერძო დამსაქმებლების მხრიდან, რომლებიც, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ორსულობის გამო, დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობას აღარ აგრძელებენ", - აღნიშნულია ანგარიშში.

ასევე, სახალხო დამცველი დისკრიმინაციულად მიიჩნევს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მათ ფიზიოლოგიურ და ფსიქოემოციურ საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამის არარსებობას.

შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაცია

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ყველაზე ხშირად აწყდებიან დისკრიმინაციას სხვადასხვა სფეროში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზისა და სპეციალური მასწავლებლის მნიშვნელობის არასათანადოდ გააზრების გამო, პრობლემურია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიერ ინკლუზიური განათლების უფლების რეალიზაცია.

სახალხო დამცველი საუბრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დაბრკოლებებზეც.

"როგორც სახალხო დამცველის პრაქტიკიდან გამოიკვეთა, ვინაიდან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების ქცევა რთულად სამართავია, არის შემთხვევები, როდესაც ისინი და მათი მშობლები მუნიციპალურ ტრანსპორტში, მძღოლისა და მგზავრების მხრიდან, აგრესიის მსხვერპლნი ხდებიან. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა შეზღუდული შესაძლებლობის სამედიცინო მოდელიდან სოციალურ მოდელზე გადასვლისათვის მხარდამჭერის სისტემის დანერგვით, ამ სისტემის პრაქტიკაში განხორციელება სხვადასხვა პრობლემებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, მხარდამჭერის დანიშვნის პროცესში არ ხდება პირის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება. იმისათვის, რომ პირს მხარდამჭერის ინსტიტუტი ეფექტიანად დაეხმაროს საკუთარი უფლებების რეალიზებაში, აუცილებელია დადგინდეს სტანდარტი, რომლის მიხედვით სასამართლო ვალდებული იქნება, მხარდასაჭერი სფეროები პირის ინდივიდუალურ ფსიქო–ემოციურ საჭიროებებს მიუსადაგო", - აცხადებს სახალხო დამცველი.

რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, დისკრიმინაციის და დისკრიმინაციის წამახალისებელი ფაქტები ძირითადად, მუსლიმი თემის მიმართ გამოვლინდა.

"მათ შორის, საქართველოს რიგ საჯარო სკოლებში ზოგადი განათლების უფლების რეალიზაციის დროს ადგილი ჰქონდა მუსლიმ მოსწავლეთა რელიგიური იდენტობის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის შეზღუდვის, ასევე, სასკოლო განათლების პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმისა თუ იძულებითი ასიმილაციის მიზნით გამოყენების შემთხვევებს. ერთ-ერთი მსგავსი საქმე იყო ადიგენის რაიონის სოფელ მოხეს საჯარო სკოლაში მომხდარი ფაქტი, როდესაც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მუსლიმ მოსწავლე გოგონას სკოლაში ჩარიცხვის სანაცვლოდ ჰიჯაბის მოხსნა მოსთხოვა", - აღნიშნულია ომბუდსმენის საპარლამენტო ანგარიშში.

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას მუსლიმ პირებს დაბრკოლებები ექმნებოდათ.

"მათ სხვა პირებისგან განსხვავებით საზღვარზე აყოვნებდნენ, ინტერესდებოდნენ მათი მოგზაურობის მიზეზით, თურქეთის რესპუბლიკასთან კავშირითა და სხვა მუსლიმ პირებთან ურთიერთობებით; ასევე, აიძულებდნენ რელიგიური ლიტერატურის დათმობას", - აღნიშნულია ანგარიშში.

სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია

სახალხო დამცველის განცხადებით, შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ლგბტ+ თემის წარმომადგენლები დისკრიმინაციას თითქმის ყველა სფეროში აწყდებიან. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დამატებითი სტიგმატიზაციის თავიდან აცილების მიზნით, თემის წარმომადგენლები მათ მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციული ფაქტების შესახებ რეაგირებას ერიდებიან.

"სამწუხაროდ, საზოგადოებაში კვლავ მყარად არის ფესვგადგმული ნეგატიური სტერეოტიპული განწყობები ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა მიმართ, რაც იწვევს როგორც მათ მიერ რიგი უფლებებით სარგებლობის ხელშეშლას დისკრიმინაციული მოტივით, ასევე, აქეზებს მათ მიმართ ძალადობას. აღნიშნულის ილუსტრაციას წარმოადგენს 2017 წლის 25 აგვისტოს ბათუმში ლგბტ+ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის - ააიპ "თანასწორობის მოძრაობის" წევრების ლ.ბ.- ს და თ.კ.-ს მიმართ სამართლდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი", - აღნიშნულია ანგარიშში.

სახალხო დამცველი ასევე აცხადებს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ლგბტ+ თემის წარმომადგენლები დისკრიმინაციას მომსახურების მიღებისას და ფართის დაქირავებისას აწყდებიან.

"ზოგიერთ შემთხვევაში, განმცხადებლები დისკრიმინაციას ექვემდებარებიან, იმის მიუხედავად, მიეკუთვნებიან თუ არა ლგბტ+ თემს, რაც, ძირითადად, განპირობებულია მათი გარეგნობით თუ ჩაცმის სტილით", - აცხადებს ომბუდსმენი.

დისკრიმინაცია სოციალური სარგებლის მიღებისას

სახალხო დამცველის მოსაზრებით, სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა იმგვარადაა დაგეგმილი, რომ რიგ შემთხვევებში, სხვადასხვა ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციულია.

"მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით მტკივნეულად აისახება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, რომლებიც, გარკვეულ შემთხვევებში, დაწესებული კრიტერიუმების გამო, ვერ სარგებლობენ მათთვის განკუთვნილი სოციალური დახმარებით. სოციალური პაკეტით ვერ სარგებლობენ მნიშვნელოვნად (გარდა მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვისა) და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც საჯარო საქმიანობაში არიან ჩართული, მაშინ როდესაც, კერძო სექტორში დასაქმებული იმავე შეზღუდვის მქონე პირებს სოციალური პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. ამასთან, რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამაში მონაწილეობის უპირატესობა სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებთან ერთად ენიჭებათ 5 წლამდე ბავშვებს, შესაბამისად 5 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებს დაფინანსება უწყდებათ და მომლოდინეთა სიაში გადადიან", - აცხადებს ომბუდსმენი.

ანგარიშში საუბარია ჭიათურის მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარების გაცემის წესზეც. დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე უსინათლო პირები კომუნალური გადასახადებისთვის ბიუჯეტიდან სოციალურ დახმარებას იღებენ, მსგავსი სარგებელი კი არ არის შეთავაზებული სხვა სახის შეზღუდვის მქონე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დისკრიმინაციის შემთხვევები სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამოიკვეთა.

დისკრიმინაცია შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში

სახალხო დამცველის განცხადებით, აპარატის პრაქტიკაში არსებული სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტების უმრავლესობა შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებს ეხება. დოკუმენტის მიხედვით, დისკრიმინაციული მოპყრობა, როგორც წესი, დასაქმებაზე უარსა და სამუშაო ადგილიდან გათავისუფლებაში გამოიხატება.

ომბუდსმენი ხაზს უსვამს ვაკანსიის ისეთი განცხადების გავრცელებასაც, რომელიც დისკრიმინაციულ კრიტერიუმებს შეიცავს.

"საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სახალხო დამცველის აპარატში არაერთი განცხადება შემოვიდა, რომელიც ეხებოდა სკოლებში, ბაღებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში შრომითი უფლებების სხვადასხვა ტიპის დისკრიმინაციული ხასიათის დარღვევებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ განცხადებათა აბსოლუტური უმრავლესობა პოლიტიკური ან განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებთან იყო დაკავშირებული", - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამები და რეკლამები

სახალხო დამცველის განცხადებით, მნიშვნელოვანი გამოწვევაა თანამდებობის თუ სხვა საჯარო პირების მხრიდან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომელიც დისკრიმინაციულ განწყობებს ახალისებს ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ლგბტ+ თემის თუ რელიგიური უმცირესობების მიმართ.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ომბუდსმენმა არაერთხელ მოახდინა რეაგირება დისკრიმინაციის წამახალისებელ რეკლამაზე თუ სიუჟეტზე, რომლებიც საზოგადოებაში სექსისტური, თუ სხვა სახის დისკრიმინაციული სტერეოტიპების და სტიგმების დამკვიდრებას და გაძლიერებას უწყობს ხელს.

სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ხარვეზები

სახალხო დამცველის განცხადებით, სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება კვლავ გამოწვევად რჩება.

"საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით,2017 წელს გაიზარდა იმ საქმეთა რაოდენობა, რომლებშიც სიძულვილის მოტივი გამოვლინდა. თუმცა, სახალხო დამცველის პრაქტიკა მოწმობს, რომ რიგ შემთხვევაში, სიძულვილის მოტივი საგამოძიებო ორგანოების ყურადღების მიღმა რჩება, რაც ხელს უშლის შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების პრევენციას. ამასთან, სახალხო დამცველისთვის კვლავ უცნობია, თუ რა დოკუმენტით ხელმძღვანელობენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა მსგავსი დანაშაულების გამოძიებისას", - აღნიშნულია ომბუდსმენის საპარლამენტო ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეები რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიადაგზე სავარაუდოდ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებს მოიცავს, რომელზეც გამოძიების მიმდინარეობისას სიძულვილის მოტივი არ გამოიკვეთა, შემდეგ კი გამოძიება გაგრძელდა ან შეწყდა; ასევე საქმეებს, რომელზეც გამოძიება, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, არ დაწყებულა.

"სავარაუდო სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობის დიდი ნაწილი იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ჩადენილ როგორც ძალადობრივ, ასევე ქონების დაზიანების ფაქტებს შეეხება. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში სამართალდამცავი უწყების მხრიდან მსგავს ფაქტებზე რეაგირება ხდება როგორც ცალკე აღებულ შემთხვევაზე, არ ხდება ძალადობის სრული ისტორიის შესწავლა და სისტემატური ფიზიკური შეურაცხყოფის თუ ქონების და ნივთების დაზიანების ფაქტები არ კვალიფიცირდება როგორც დევნა რელიგიური ნიშნით. არის შემთხვევები, როდესაც გამოძიების შეწყვეტის შემდეგ ფაქტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად კვალიფიცირდება, თუმცა პირის სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაშიც კი, არსებული საკანონმდებლო სივრცე არ იძლევა დისკრიმინაციული საფუძვლის გამოკვეთის შესაძლებლობას", - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ სახალხო დამცველი შეისწავლის სამართალდამცავთა მხრიდან ლგბტ+ თემის და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივით შეურაცხყოფის ფაქტებსაც.

დისკრიმინაციასთან დაკავშირებით რეკომენდაციებით სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას და ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები