ტურიზმი

ავიაბაზარზე ოპერირება ახალმა ქართულმა ავიაკომპანიამ დაიწყო

ავიაბაზარზე ოპერირება ახალმა ქართულმა ავიაკომპანიამ დაიწყო. My Way Airlines-მა პირველი ჩარტერული რეისი თბილისი-თეირანის მიმართულებით შეასრულა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ავიაკომპანია ბაზარზე რეგულარული ფრენების დაწყებას 2018 მაისიდან გეგმავს. პირველ ეტაპზე ფრენები 5 მიმართულებით შესრულდება. წლის გამმავლობაში კი, რეისების რაოდენობა ეტაპობრივად 10 მიმართულებით გაიზრდება.

"ქართული ავიაბაზარი სულ უფრო მიმზიდველი ხდება უცხოური თუ ადგილობრივი ავიაკომპანიებისთვის. მივესალმებით, საქართველოში ახალი ქართული ავიაკომპანიის ოპერირებას, რომლის გუნდიც მთლიანად ადგილობრივი მოსახლეობით არის დაკომპლექტებული. კომპანიას აქვს სამწლიანი გეგმა. მისი მთავარი ამოცანაა სამი წლის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობა 1500-მდე გაზარდოს, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ჯანსაღ კონკურენციას ქართულ ავიაბაზარზე" - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ბიზნესგანვითარების მენეჯერმა დეა მაჭავარიანმა.

My Way Airlines-ის კომერციული დირექტორის იგორ აფციაურის განცხადებით, კომპანია ავიაბაზარზე რეგულარულ ფრენებს 2018 წლის მაისიდან დაიწყებს. 

2017 წლის ნოემბერში საქართველოში ჩინეთიდან 43,4 მილიონი დოლარის ღირებულების ორი, BOEING 737-800 ტიპის თვითმფრინავია იმპორტირებული. მესამე თვითმფრინავს ივლისის დასაწყისში ელოდებიან, მეოთხეს — დეკემბერში.

კომენტარები