ტურიზმი

ადმინისტრაცია: 2017 წელთან შედარებით, მარტში ტურისტების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა

ipress.ge

2017 წლის მარტთან შედარებით, 2018 წლის მარტში საქართველოს 13.2%-ით მეტი ტურისტი ეწვია. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე ავრცელებს. 

ადმინისტრაციის ცნობით, გასულ თვეში საქართველოს 578 514 საერთაშორისო მეგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 67 472-ით მეტია.

ამასთან, მარტში იმ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი გაატარეს საქართველოში, 292 017 შეადგინა, რაც 72 403-ით მეტია 2017 წლის მარტის მაჩვენებელზე (33%-იანი ზრდა). 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2018 წლის მარტში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (133 448), სომხეთიდან (109 371), თურქეთიდან (100 721), რუსეთიდან (91 529) და ირანიდან (58 828) განხორციელდა. 

ამასთან, საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, მარტის თვეში გამოირჩეოდა გაერთიანებული სამეფო (+74%), გერმანია (+47%), ლატვია (+45%), ლიტვა (+35%) და საფრანგეთი (+25%). 

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან 

ისრაელი - +78%
ჩინეთი - +62%
ირანი - +46%
ინდოეთი - +43%
აშშ - +35%

ადმინისტრაციის ცნობით, იანვარი-მარტის თვის მონაცემების მიხედვით, საქართველოს 1 463 561 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 196 584-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (15,5%-იანი ზრდა). 

3 თვის მაჩვენებლებით იმ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი გაატარეს საქართველოში 659 338 შეადგინა, რაც 144 933-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებზე (28.2%-იანი ზრდა).

2017 წლის IV კვარტლის მონაცემებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ტურიზმიდან საქართველოში შემოსულმა თანხამ $577 000 000 შეადგინა, რაც 19.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

კომენტარები