დევდარიანი: ამ ამბებზე წიგნს დავწერ, არაფრის მოგონება არ დამჭირდება

ტაბულა

ზვიად დევდარიანის თქმით, შესაძლოა მის ირგვლივ განვითარებულ ამბებზე წიგნი დაწეროს. ეს მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომელზეც სამართლებრივი ბრძოლის დაწყება დააანონსა. 

"იმის მიუხედავად, როგორ დასრულდება კონკრეტულად ეს სამართლებრივი პროცესი, მე არც იმ ორგანიზაციაში, სიდაში და სამოქალაქო სექტორში დაბრუნებას არ ვაპირებ. ჩემი საქმიანობა ამ სექტორში დასრულებულია. აუცილებლად ალბათ წიგნს დავწერ ამ ამბებზე, არაფრის მოგონება არ დამჭირდება", - თქვა დევდარიანმა. 

მან დღეს "ფეისბუქ-სასამართლოს" შესახებ ისაუბრა, რომელმაც "ბრალდებული და მსჯავრდებული" გამოიყვანა და სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებები უარყო. 

ქალები, რომლებიც დევდარიანს შევიწროებაში ადანაშაულებენ, ამბობენ, რომ ის ნაცნობობის დასაწყისში მათ თავის წიგნს, "მრავალჯერად გულს" ჩუქნიდა. 

ზვიად დევდარიანი ქალთა მოძრაობამ 17 მარტს 10-მდე ქალის სექსუალურ შევიწროებაში  დაადანაშაულა. დევდარიანის მტკიცებით, ეს მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

ზვიად დევდარიანი 16 მარტს სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა, თუმცა გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა. ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის.

კომენტარები