ოჯახის შეხვედრა

ჩინეთში მამამ შვილი 24-წლიანი ძებნის შემდეგ იპოვა

CFP

ჩინეთში, მამამ 24-წლიანი ძიების შემდეგ, შვილი იპოვა. 

BBC-ის ინფორმაციით, ქალიშვილი მამას წლის დასაწყისში დაუკავშირდა, მას შემდეგ, რაც ონლაინ პოსტი ნახა. ოჯახის შეხვედრა დღეს, 3 აპრილს შედგა.

ვანგ მინგქინგის ქალიშვილი, ქიფენგი, 3 წლის ასაკში გაუჩინარდა. ვანგი და მისი მეუღლე ხილით ვაჭრობდნენ. ერთ დღეს, როდესაც მუშაობა დაასრულეს, აღმოაჩინეს, რომ შვილი მათთან ერთად აღარ იყო.

წლების განმავლობაში, ვანგ მინგქინგი ქალიშვილს ქალაქში და მის გარშემო ეძებდა. მან ტაქსის მძღოლად დაიწყო მუშაობა იმ იმედით, რომ ერთ დღეს მისი მანქანით შვილი იმგზავრებდა. ინფორმაციას გოგონას შესახებ ის ყველა მგზავრს აწვდიდა, არიგებდა საინფორმაციო ბანერებს.

ოჯახი განცხადებებს გაზეთებსა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა. მათ ქალაქი არასდროს დაუტოვებიათ, რადგან იმედი ჰქონდათ, რომ შვილი დაუბრუნდებოდათ.

წლების მანძილზე, პოლიციამ რამდენიმე ქალის იდენტიფიცირება შეძლო, მაგრამ დნმ ტესტებმა არც ერთ შემთხვევაში არ დაადასტურა, რომ რომელიმე მათგანი ვანგ მინგქინგის დაკარგული გოგონა იყო. 

ოჯახს იმედი მაშინ მიეცა, როდესაც ერთერთმა მხატვარმა მათი ისტორია მოისმინა და დახმარება გადაწყვიტა. მხატვარმა ქიფენგის პორტრეტი შეადგინა, რომელიც ზრდასრულობაში მის სავარაუდო გარეგნობას ასახავდა. პორტრეტი სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ნახატი ათასობით კილომეტრის მოშორებით მცხოვრებმა კინგ ინგმა ნახა, იგი პორტრეტის საკუთარ თავთან მსგავსებით გაოცდა და ვანგსა და მის მეუღლეს ფოტო გაუგზავნა.

ამჯერად, დნმ ტესტმა დაადასტურა, რომ კინგ ინგი ვანგის ქალიშვილია.

3 აპრილს, კინგ ინგი საკუთარ მეუღლესთან და შვილებთან ერთად, ჯილინის პროვინციიდან ჩენგდუში, ოჯახთან შესახვედრად გადაფრინდა.

„მთელი მსოფლიო მეუბნებოდა, რომ არ მყავს დედა - მაგრამ მყავს!“ - ამბობს აცრემლებული კინგ ინგი ჟურნალისტებთან საუბრისას.

"ვერ წარმოიდგენთ, რამდენი იმედგაცრუება და სასოწარკვეთილება გამოვიარეთ ამ 24 წლის განმავლობაში. ახლა კი შესაძლებლობა მოგვეცა, ერთმანეთს ხელახლა შევხვედროდით" - ამბობს მამა, შვილთან შეხვედრის შემდეგ.

აღმოჩნდა, რომ კინგ ინგი მშობლებისგან 20 კილომეტრში მდებარე ქალაქში გაიზარდა.

ამ ისტორიას თვალყურს ბევრი ადამიანი ადევნებდა - განსაკუთრებით ჩინეთში, სადაც ხალხი ოჯახის ხელახალ შეხვედრას ზეიმობს.

კომენტარები