ღვინის ექსპორტი

კვირიკაშვილი: დაბალანსებული საგარეო პოლიტიკით ღვინის ინდუსტრია აღორძინდა

ტაბულა

"2013-2017 წლებში მევენახეებმა ჯამში 615 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს. და ეს სწორედაც შესაძლებელი გახდა სახელმწიფოს სწორი პოლიტიკით, პირველ რიგში სუბსიდირების კუთხით ამ მიმართულებაზე და ასევე, რა თქმა უნდა, დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეული შედეგით. ყველაფერი ამის შედეგად, ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეღვინეობა-მევენახეობის არნახული აღორძინება.

მე არ მინდა, ნეგატივზე შევჩერდე, მაგრამ ყველას გვახსოვს სახელმწიფო პროგრამები, როდესაც ფულს უხდიდნენ ვენახის გასაჩეხად. დღეს მიმდინარეობს ვენახების განაშენიანება", - ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

2017 წელს ქართული ღვინის ექსპორტი 54%-ით გაიზარდა და მან 76.7 მილიონ ბოთლს მიაღწია. თანხობრივად ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი $170 მილიონს აჭარბებს.

საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია:

  1. რუსეთი - 47,778,920 ბოთლი
  2. უკრაინა - 8,502,554 ბოთლი
  3. ჩინეთი - 7,585,407 ბოთლი
  4. ყაზახეთი - 3,322,867 ბოთლი
  5. პოლონეთი - 2,676,440 ბოთლი

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 43% (7,585,407 ბოთლი), რუსეთი - 76% (47,778,920), უკრაინა - 46% (8,502,554), პოლონეთი - 15% (2,676,440), ლატვია - 20% (1,505,138), ბელარუსი - 56% (1,827,130), აშშ - 56% (457,920), გერმანია - 38% (404,538), ისრაელი - 150% (213,074), მონღოლეთი - 82% (168,162), საფრანგეთი - 178% (99,796),  აზერბაიჯანი 75% (141,294) და სხვა.  

რუსეთის ბაზარზე არსებული რისკები

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზარი კარგად დივერსიფიცირებული არაა და მისი 2/3 რუსეთზე მოდის, რაც პოტენციურ რისკს წარმოადგენს. პოლიტიკური რისკების გარდა აღნიშნულ ბაზარზე ეკონომიკური რისკებიც მაღალია. მაგალითად, 2015 წელს რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო საქართველოს ღვინის ექსპორტი 39%-ით შემცირდა. 

"რუსეთი არის ბაზარი, სადაც ყველაზე მეტი ცნობადობა აქვს ქართულ ღვინოს", - ამბობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

ამასთან, მსოფლიოს 26  ქვეყანაში ექსპორტირებულია 18,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 78%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია  39,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება 70%-ს აღწევს.

მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 288 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 180% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები  846,3 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ 2016 წელთან  შედარებით 148%-ს მიაღწია.

მთლიანობაში - ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 283,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წელთან შედარებით 46%-ს მიაღწია.

კომენტარები