ზვიად დევდარიანი: გასარკვევია, ეს ქალები ნამდვილად არსებობენ თუ არა

პირველი არხი

ზვიად დევდარიანი რომელსაც 10 ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ უდანაშაულოა და გასარკვევია, "ეს ისტორიები ნამდვილია თუ არა". 

Cida-ს ყოფილი ხელმძღვანელი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აცხადებს, რომ ეს არის ბრძოლა მისი და მისი შვილების უფლებებისთვის. 

"ეს ქალები ნამდვილად არსებობენ თუ არ, ეს ისტორიები ნამდვილად არსებობს თუ არ, არის ზუსტად ის, რისი დადგენაც გვინდა ჩვენ. მე მაქვს ჩემი ლოგიკა და ჩემი ანალიზი მთლიანად ამ პროცესის, ჩემი მიგნებებით და ვარაუდებით, რომ  ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ ამ ქალების ისტორიები და ამ ყველაფრის უკან ნამდვილად დგას კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ ჩემი რეპუტაციის განადგურებით", - ამბობს დევდარიანი.

​Cida-ს ყოფილი ხელმძღვანელი 17 მარტს 10-მა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს ამაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

კონკრეტულად რას ყვებიან ისინი დევდარიანის შესახებ, წაიკითხეთ აქ. 

ზვიად დევდარიანი 16 მარტს სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა, თუმცა გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა. ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის.

კომენტარები