დევდარიანის ადვოკატი: სარჩელზე მოპასუხეები იქნებიან ფიზიკური პირები

პირველი არხი

ზვიად დევდარიანი და მისი ადვოკატი კვლავ არ აკონკრეტებენ, ვის წინააღმდეგ მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს. 

"სასამართლოში სარჩელი შევა კონკრეტული პირებს მიმართ. მე დღესაც ხაზი გავუსვი, რომ ეს არ იქნება მედია", - თქვა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ხოლო კითხვაზე, იქნებიან თუ არა ეს ის ქალები, რომლებიც დევდარიანის მხრიდან შევიწროებაზე საუბრობენ, უპასუხა:

"მოდი ასე ვთქვათ, ესენი იქნებიან ფიზიკური პირები. ისინი, ვინც გააკეთა უმისამართო, ცილისმწამებლური განცხადებები ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ". 

2 კვირის შემდეგ, რაც 10-მა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, Cida-ს ყოფილი ხელმძღვანელმა თქვა, რომ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. დევდარიანმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მიმართავს შსს-ს, ასევე პროკურატურას და საქმის წარმოებას კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის, ასევე პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის მუხლებით მოითხოვს, სასამართლოში კი სამოქალაქო სარჩელს შეიტანს პატივის და ღირსების შელახვის გამო, თუმცა, ვინ იქნება მოპასუხე, ბუნდივანია

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა თქვა, ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა, არ დააკონკრეტა, ვინ, სად და რა ფორმით ჩაიდინა ეს დანაშაული. ტაბულას კითხვას ამის შესახებ, ადვოკატმა კითხვითვე უპასუხა - "დაკითხვაზე ვართ?".

​Cida-ს ყოფილი ხელმძღვანელი სექსუალურ შევიწროებაში 10-მა ქალმა 17 მარტს დაადანაშაულა. დევდარიანის მტკიცებით, ეს მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

დეტალები წაიკითხეთ აქ. 

ზვიად დევდარიანი 16 მარტს სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა, თუმცა გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა. ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის.

კომენტარები